Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი მედვედევის განცხადების შესახებ: ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ


კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ილაპარაკა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტზე.

„ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას", - განაცხადა კინზინგერმა.

კონგრესმენის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს

„მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ ქაღალდის ვეფხვია.

ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ", - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

დმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, წუხელ გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობდა, რომ გვერდი გატეხეს.

დმიტრი მედვედევის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ პოსტი, რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თანაშემწე ოლეგ ოსიპოვი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ВКонтакте დმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს.

კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა, „ტასს“-მა და „ინტერფაქს“-მა გაავრცელეს ოსიპოვის ოფიციალური კომენტარი, რომ იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და იქ პოსტი დაწერა, "გაარკვევენ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია და ვისაც ეს ევალება".

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG