Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ დარტყმა მიაყენა ღაზას, არის მსხვერპლი - საპასუხოდ "ისლამურმა ჯიჰადმა" რაკეტები დაუშინა ისრაელის ქალაქებს


პალესტინელთა მხრიდან ისრაელის მიმართულებით გატყორცნილი რაკეტების კვალი. 5 აგვისტო, 2022 წელი
პალესტინელთა მხრიდან ისრაელის მიმართულებით გატყორცნილი რაკეტების კვალი. 5 აგვისტო, 2022 წელი

5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზას არმალის რაიონზე მიიტანა იერიში. როგორც ისრაელის სარდლობა იტყობინება, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი მეთაური. მთლიანობაში, სროლების შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებტის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მაცხოვრებლები, მათ შორის ბავშვიც. დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

"ისლამური ჯიჰადი" საპასუხოდ ისრაელს დაბომბვით ემუქრება. ისრაელის არმიის ოპერაციის, "განთიადის" სამიზნე გახდა ტაისირ ალ-ჯაბარი - "ისლამური ჯიჰადის" ჩრდილოეთის ქვედანაყოფის უფროსი. ალ-ჯაბარი დაკავშირებული იყო არაერთ ტერორისტულ თავდასხმასთან და ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებთან. ის "ისლამური ჯიჰადის" კოორდინირებას ახდენდა ჰამასის დაჯგუფებასთან, რომლის წარმომადგენლებიც ღაზის სექტორში დიდწილად ხელისუფლების ფუნქციებს ახორციელებენ.

არაბულ-ისრაელური დაპირისპირების გამწვავება ორშაბათიდან დაიწყო, როცა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპიროს ტერიტორიაზე დააპატიმრეს "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი, ბასამ ალ-საადი. მისი დაკავებისას პალესტინისა და ისრაელის პოლიციის შეტაკება მოხდა, დაიღუპა არაბი მოზარდი.

"ისლამურმა ჯიჰადმა" განაცხადა, რომ თავისი ლიდერის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებდა.

ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში გამოცხადდა მაღალი ტერორისტული საშიშროების რეჟიმი, ჩაკეტილია სექტორ ღაზაში გამშვები პუნქტები, გადაკეტილია ზოგიერთი გზა. ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ მზადდება ტერორისტული თადასხმები ღაზის სექტორიდან. ერთობლივ განცხადებაში, ირაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა და თავდაცვის მინისტრმა ბენნი განცმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისრაელი "არ დაუშვებს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დღის წესრიგი უკარნახონ". მათ გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ "ისლამურ ჯიჰადს", რათა ისრაელებს საფრთხე თავიდან აარიდონ. "ისლამური ჯიჰადის" მეთაურმა, ზიად ალ-ნახალამ პარასკევს განაცხადა, რომ მის დაჯგუფებას განზრახული აქვს, შური იძიოს ისრაელზე. "ამ საჰაერო თავდასხმის შემდეგ, შერიგება არ იქნება - იქნება ბრძოლა", - თქვა ალ-ნაჰალამ. მან არ გამორიცხა დაბომბვები, მათ შორის ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივისაც. "ყველა შესაძლო სამხედრო ძალით დაპირისპირების" შესახებ განზრახვაზე განაცხადა ჰამასის წარმომადგენელმა, ფავზი ბარჰუმმაც.

პარასკევს საღამოს, ისრაელის სამხრეთ რეგიონებში, რომლებიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარეობს, გამოცხადდა მაღალი მზადყოფნის რეჟიმი. მაცხოვრებლებისთვის გასცეს რეკომენდაცია, რომ არ შეიკრიბონ 10 ადამიანზე მეტი და თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ. საზოგადოებრივი ადგილები, რომელთაც თავშესაფარი არ აქვთ, დახურულია. საჯარო ღონისძიებები გაუქმებულია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა 25 000 რეზერვისტის სამხედრო სამსახურში გაწვევა.

5 აგვიტოს, დაახლოებით 21 საათზე, The Jerusalem Post-ის თანახმად, ღაზის სექტორის ტერიტორიიდან დაიწყო ისრაელის სარაკეტო დაბომბვა. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ქვეყნის სამხრეთი და ცენტრალური ქალაქები - აშდოდი, ხოლონი, ბატ-იამი და სხვა დასახლებული პუნქტები. ზარალის შესახებ ჯერ ცნობები არ არის. რაკეტები გადაიტაცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG