Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიაყენეს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე არეალს


რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო უბნის მახლობლად, იტყობინება უკრაინის კომპანია "ენერგოატომის“ „ტელეგრამის“ არხი.

ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოჟონვა არ დაფიქსირებულა, ერთ-ერთი დარტყმა მაღალი ძაბვის ხაზს მოხვდა.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას უკრაინის ენერგოსისტემაში იმ ხაზების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს. მათი გამტარუნარიანობის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მოქმედი ენერგობლოკის განტვირთვისა და ქსელიდან გათიშვის შესახებ, - აზუსტებს"ენერგოატომი".

მოგვიანებით კომპანია იტყობინებოდა, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტრო ქვე-სადგური "ლუჩი" - შვიდიდან ექვსი მიკრორაიონი უშუქოდ დარჩა. ამას გარდა, მუშაობა შეწყვიტა წყალმიმღებმა სადგურმა. მეორე დაბომბვის შედეგად, როგორც "ენერგოატომი" ამტკიცებს, მიაყენეს ატომური ელექტროსადგურის მოედანს, იმ ენერგობლოკის მახლობლად, სადაც ბირთვული რეაქტორია განთავსებული. დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და დამხმარე შენობა.

კომპანიის მონაცემებით, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფანტვის საშიშროება. "ენერგოატომის" ინფორმაციის თანახმად, დაბომბვამდე "როსატომის" წარმომადგენლებმა სადგური დატოვეს. სააგენტო „ტასსი“ რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, გაწყდა ელექტროგადამცემი ორი ხაზი, რომლებიც აუცილებელია ენერგობლოკების მუშაობისთვის.

3 აგვისტოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული. გროსის თქმით, სადგურზე უსაფრთხოების მოთხოვნები მასობრივად ირღვევა. მისი სააგენტოს სპეციალისტები აუცილებლად უნდა ჩავიდნენ ზაპოროჟიეში, რათა ატომურ ელექტროსადგურზე ჩაატარონ აუცილებელი რემონტი "ატომური ავარიის თავიდან ასაცილებლად" და უზრუნველყონ "ბირთვული მასალების უსაფრთხოების" გარანტია. გროსიმ დასძინა, რომ ამისთვის მის გუნდს დაცვა ესაჭიროება და რუსეთსა და უკრაინას „სასწრაფო თანამშრომლობისკენ" მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG