ბრიტანეთის დაზვერვას მიაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომი სწრაფად შევა ახალ ფაზაში, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალებს უყრის თავს უკრაინის სამხრეთით.
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფად შევა ახალ ფაზაში, როდესაც უმძიმესი ბრძოლები გადავა ფრონტის ხაზზე, რომლის სიგრძეა დაახლოებით 350 კმ, ზაპოროჟიეს სამხრეთ-დასავლეთით ხერსონამდე, მდინარე დნეპრის გაყოლებით", - ნათქვამია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტვიტერით გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, რუსეთის ჯარების თავშეყრა უკრაინის სამხრეთში "მაღალი ალბათობით" განპირობებულია უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინით, ან შესაძლო იერიშის სამზადისით.
"რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების, ტანკების, არტილერიისა და სხვა იარაღის გრძელი კოლონები გადიან უკრაინის დონბასიდან და სამხრეთ-დასავლეთით მიდიან", - ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო უწყების ახალ ანგარიშში.
ამავე დროს, უკრაინის ძალები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს ხიდებს, საბრძოლო მასალების საწყობებსა და უკრაინის სამხრეთით, კერძოდ, ხერსონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარკინიგზო კომუნიკაციას, რათა ამგვარი კომბინირებული შეტევებით "შეასუსტონ რუსეთის უნარი, შეავსოს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვები", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ცნობაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იერიშებს მტრის ცოცხალი ძალასა და შეიარაღებაზე. 1 აგვისტოს, "სამხრეთის" დაჯგუფების უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრი იტყობინებოდა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის სამხრეთით უკრაინის არმიამ რუსეთის ჯარების 15-მდე საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა.
დაწერეთ კომენტარი