არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ სოფელ აღავნოსა და ქალაქ ბერძორის (ლაჩინი) მოსახლეობას მოუწოდა, რომ 25 აგვისტომდე დატოვონ სახლები კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის გამო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება.
სოფელი აღავნო და ბერძორი შესაძლოა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცნენ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი მარშრუტის მშენებლობის გამო, რაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, გნელი სანოსიანმა, თქვა, რომ გზის ალტერნატიულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და გაზაფხულისთვის დასრულდება.
ბერძორის მცხოვრებლებმა, მას შემდეგ, რაც ქალაქის დატოვება მოსთხოვეს, ლაჩინის დერეფნისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ქალაქის არჩაბარებას და მათთვის მკაფიო გარანტიების მიცემას მოითხოვდნენ, - წერს სომხური გამოცემა News.am.
ისინი უარს ამბობენ ასევე იმ კომპენსაციის აღებაზე, რომელსაც მათ ხელისუფლება საცხოვრებელი სახლების დატოვების შემთხვევაში ჰპირდება.
ბოლო დღეებია მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სიმაღლის დასაკავებლად „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტულ-დივერსიული ოპერაციის“ შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, რასაც მოჰყვა საპასუხო შეტევა და კონტროლის დამყარება რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, 2 სამხედრო დაიღუპა და 19 დაიჭრა.
მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შემდეგ მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა, რეგიონში კი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა.
დაწერეთ კომენტარი