Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთისნაირ სახელმწიფოს ვერ დაუპირისპირდება


ფოტო არქივიდან: დმიტრი მედვედევი, იმჟამად რუსეთის პრეზიდენტი, 18 აგვისტო, 2008 წელი
ფოტო არქივიდან: დმიტრი მედვედევი, იმჟამად რუსეთის პრეზიდენტი, 18 აგვისტო, 2008 წელი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სააგენტო "ტასსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ეჭვი არ ეპარებოდა და არც ახლა ეპარება, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის არმიის შეყვანის გადაწყვეტილების სისწორეში. ამასთან ის უკრაინაში შეჭრასაც ამართლებს.

სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პროცესის ჩაშლით და ჩვენ გააზრებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე“, - განაცხადა მან.

ინტერვიუში მედვედევმა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "სისხლიანი სულელი", "შეშლილი ფრიკი" და "მუყაოს ყეყეჩი" უწოდა.

ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ შეგვეშრო ცრემლები და თავი დაგვეხარა სისხლიანი დიქტატორისთვის და ხალხი დასაგლეჯად მიგვეგდო. ჩვენი მოქმედებების სისწორე შემდგომში განვითარებული მოვლენების მსვლელობამაც დაადასტურა, მათ შორის აგრესიული დოქტრინების სამარცხვინო ჩავარდნამ, რომლის განხორციელებასაც მათი საცოდავი ბელადი ცდილობდა ასეთი გზნებითა და ზეწოლით. მცირე დროის შემდეგ, ის თავისივე ხალხმა უარყო. თუმცა, ის უსაქმოდ დიდხანს არ ყოფილა და სიხარულით მიეყიდა უკრაინის „ნარინჯისფერ“ ფიგურებს. მათი ამ რუსოფობიური პოლიტიკის ნაყოფს დღეს ვხედავთ ამ ქვეყანაში“, - ამბობს მედვედევი.

მისივე სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.

რაც შეეხება ახალ შესაძლო აგრესიას საქართველოს მხრიდან, მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ - ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული და ეს კარგად ესმის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ ცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან დაპირისპირებაში ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა მედვედევმა.

მას მიაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან „იქ მოხვედრა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელითაა შესაძლებელი“, - ამბობს მედვედევი.

7 აგვისტოს 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.

2008 წლის აგვისტოში დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG