Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა კვლავ გახსნა ღაზის სექტორში გამშვები საგუშაგოები


პალესტინელები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ზეიმობენ. 8 აგვისტო, 2022 წელი
პალესტინელები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ზეიმობენ. 8 აგვისტო, 2022 წელი

უსაფრთხოების ვითარების შეფასების შემდეგ, ისრაელმა კვლავ გახსნა გამშვები საგუშაგოები პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში.

როგორც ისრაელის შესაბამისი უწყება იტყობინება, გაიხსნა გამშვები საგუშაგო ერეცი და ტვირთის გამშვები პუნქტი კერემ შალომი. არსებული ცნობით, ღაზაში შევიდა საწვავით დატვირთული პირველი ავტომანქანა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება.

AFP-ის თანახმად, 8 აგვისტოს ამოქმედდა ღაზის სექტორში მოქმედი ერთადერთი ელექტროსადგური.

საზღვარი გაიხსნა სამდღიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ. გავრცელებული ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები ამ დროისთვის იცავენ.

ერთი კვირის წინ ისრაელის მიერ „ისლამური ჯიჰადის“ გაერთიანების მეთაურის დაპატიმრების შემდეგ, ისრაელმა დაკეტა გამშვები პუნქტები თავდასხმის საფრთხის გამო.

5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში "ისლამური ჯიჰადის" ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია "გარიჟრაჟი" დაიწყო. მედიის ცნობით, ღაზიდან ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვეს. დაშავდა 30-მდე ებრაელი.

„ისლამური ჯიჰადის“ ბაზებზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, ჯგუფის ორი მეთაური დაიღუპა.

ეგვიპტის შუამავლობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც ძალაში 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 23:30-ზე შევიდა, დაასრულა ისრაელსა და ღაზის სექტორში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ ჯიჰადს" შორის უკანასკნელი ესკალაცია. ოფიციალური პალესტინის განცხადებით, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG