Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის რეგიონებში 40-ზე მეტი მოხალისეთა ქვედანაყოფი დაკომპლექტდა - "კომერსანტი"


ჩეჩნეთი ერთ-ერთი ადგილია მოხალისეთა ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად

უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში უკვე შეიქმნა 40-ზე მეტი მოხალისეთა "სახელობითი" ბატალიონი. ამის შესახებ წერს გაზეთი "კომერსანტი", რომლის ინფორმაციით, ასეთი დანაყოფების ფორმირება რუსეთის რეგიონებში გაზაფხულიდან მიმდინარეობს. მათ შესახებ გარკვეული ინფორმაცია სახელისუფლებო მედიასა და სოციალურ ქსელებში ქვეყნდება. ბატალიონების სახელები, ამავე დროს, მიუთითებს მათ ტერიტორიულ კუთვნილებაზე - ისინი ძირითადად კომპლექტდება იმ რეგიონის მაცხოვრებლებისგან, სადაც ისინი ყალიბდებიან.

ასე მაგალითად, პეტერბურგში ჩამოყალიბდა მოხალისეთა რაზმები "კრონშტადტი", "ნევა" და "პავლოვსკი", იაკუტიაში-"ბუთური" (ელლი ბუთური ითვლება იაკუტების პირველ წინაპრად), პრიმორიეში - "ვეფხვი", ყაზანში -"ალგა" და "ტაიმერი" (თათრულიდან - "წინ" და "რკინა"), ჩუვაშეთში -"ატალი" (ჩუვაშურად -"ვოლგა"), პერმის ოლქში - "პარმა" და "ჩაქუჩი", ამურის რეგიონში -"ამური", ლენინგრადის რეგიონში -"ნევსკი" და "ლადოგა".

სხვა "სახელობით" დანაყოფებს შორის ყველაზე უფრო გამოირჩევა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელობის მილიციის საგანგებო და სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.

26 ივნისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა ოთხი ახალი ბატალიონის ჩამოყალიბება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ესენია: "ახმატი-სევერი", "ახმატი-იუგი", "ახმატი-ზაპადი"და "ახმატი-ვოსტოკი".

გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, ომში წასასვლელად მოხალისეების დაქირავება რეგიონებში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება და ვეტერანი ორგანიზაციები რაზმებში გაწევრიანებას აქტიურად უჭერენ მხარს და უკრაინაში ომში წასვლის მსურველებს სოლიდურ ფულად ანაზღაურებას და ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას ჰპირდებიან.

ფორმალურად, მოხალისეები ხელს აწერენ ხელშეკრულებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თვის ვადით და იღებენ კონტრაქტორების ოფიციალურ სტატუსს. მათი ანაზღაურება განსხვავდება რეგიონების მიხედვით და თვეში 130 ათასიდან 300 ათას რუბლამდე მერყეობს. კონტრაქტით დაქირავებულ სამხედროებს, გაზეთის თანახმად, ასევე უხდიან დანამატს საომარი მოქმედებების წარმატებით ჩატარებისთვის და ყოველდღიურ შემწეობას, 8 ათასი რუბლის ოდენობით, "შეტევით ოპერაციაში მონაწილეობის თითოეულ დღეზე."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG