Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოხმაურება მედვედევის პოსტზე: ყაზახეთში „პირდაპირი საფრთხე“ დაინახეს. მოსკოვის „შესუსტებული გავლენა“


დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

დასავლეთის მედია ამ კვირაში აანალიზებს, თუ რატომ ამწვავებს დაძაბულობას მოსკოვსა და მის მეზობლებს შორის რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პოსტი - ყაზახეთის, როგორც „ხელოვნური სახელმწიფოსა“ და საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმების შესახებ - რომელიც სოციალურ ქსელ „ვკონტაკტეში“ გამოქვეყნდა და რაც, როგორც თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, მისი „გატეხვის“ შედეგად მოხდა.

პოსტის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა, არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.

პუბლიკაცია ეხება რეაქციას, რომელიც მოჰყვა უცხოურ გამოცემებში რუსეთის პოზიციების დაკარგვას შუა აზიის ქვეყნებში და იმას, თუ როგორ სარგებლობენ ამით სხვა მოთამაშეები.

პოსტი მედვედევის „გატეხილ“ გვერდზე და ზეწოლა ყაზახეთზე

ჟურნალი Diplomat-ი, რომელიც აშშ-ში გამოდის, წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის სკანდალური პოსტის შესახებ. 2 აგვისტოს, მის გვერდზე სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“, გამოჩნდა პუბლიკაცია, რომელშიც ეჭვქვეშ იყო დაყენებული ყაზახეთის სუვერენიტეტი და ლაპარაკი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენის განზრახვაზე. პოსტი (მოგვიანებით) წაიშალა, მედვედევის თანაშემწემ კი თავისი უფროსის გვერდის „გატეხვის“ შესახებ განაცხადა. თავად მედვედევმა მოგვიანებით თქვა, რომ ვიღაცას „მეგობრებთან რუსეთის წაჩხუბება“ სურდა.

პოსტმა იმის შესახებ, რომ ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“, „რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა“, რუსეთის მეზობელ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოსტი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოეთ რეგიონებში ყაზახების გადასახლების შესახებ, იქ, სადაც მსხვილი სლავური დიასპორა ცხოვრობს, „რუსების გენოციდია“.

Diplomat-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ცენტრალური აზიის მკვლევარი, პაოლო სორბელო წერს, რომ ყაზახებმა პოსტი მიიღეს, როგორც „პირდაპირი მუქარა და შეურაცხყოფა“.

„მედვედევს ბევრი მიიჩნევს რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის აქტიურ მომხრედ. თებერვალში ომის დაწყებიდან, მედვედევი ისევე იქცევა, როგორც სიმონიანი, კეოსაიანი და სოლოვიოვი“, - სტატიაში მოყვანილია ყაზახი პოლიტოლოგის, დოსიმ სატპაევის სიტყვები, რომელმაც გამომცემლობა Bild-ს მისცა ინტერვიუ.

ჟურნალისტმა ლუკპან ახმედიაროვმა, Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ პოსტში „თავმოყრილია რუსული იმპერიული შოვინიზმის ყველა მთავარი აზრი“.

„წაიკითხოს მე-3-მე-4 კლასების ისტორია“. თბილისსა და ნურ-სულთანში მოქალაქეები მედვედევის პოსტზე რეაგირებენ:

სორბელო შეგვახსენებს, რომ რუსი პოლიტიკოსები და მედია ბევრჯერ დასხმიან თავს ყაზახეთს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ადრე ამბობდა, რომ „ყაზახებს არასდროს ჰქონიათ სახელმწიფოებრიობა“. მოსკოვი მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება, წერს ავტორი, ის მილებს უკეტავს მეზობლებს - ამას იარაღად იყენებს: რუსეთმა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეაჩერა ან შეზღუდა კასპიის მილსადენის კონსორციუმის მუშაობა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირება საექსპორტოდ.

ყაზახეთზე ზეწოლა გაძლიერდა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის განცხადების შემდეგ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მან ღიად განაცხადა იმის შესახებ, რომ არ აღიარებს სეპარატისტულ „რესპუბლიკებს“ უკრაინის აღმოსავლეთში, ამბობს სორბელო.

ტოყაევის მხრიდან რუსეთის სამხედრო ოპერაციის „აშკარა „ღალატი“ შეიძლება შეფასდეს, როგორც ნაწილი ყაზახეთის ხელმძღვანელობის მცდელობებისა, ქვეყანას, როგორც საიმედო პარტნიორს, საერთაშორისო სტატუსი შეენარჩუნებინა.

თუმცა, რუსეთის ახლანდელ და ყოფილ ოფიციალურ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, მუდმივი საინფორმაციო ზეწოლის განხორციელება სურთ მეზობლებსა და პოტენციურ მოკავშირეებზე“, - ასკვნის ავტორი.

ვინ შეავსებს ვაკუუმს, რომელიც მოსკოვის პოზიციების შესუსტების გამო წარმოიქმნა?

პლატფორმა Modern Diplomacy ეძებს პასუხს კითხვაზე, თუ რომელ მოთამაშეებს შეუძლიათ გააძლიერონ გავლენა ცენტრალურ აზიაში იმ პირობებში, როცა რეგიონში სუსტდება რუსეთის დომინირება.

სტატიის ავტორი შრივატსალ სუბრამანიამი წერს, რომ ცენტრალური აზია ტრადიციულად განიხილება, როგორც „გავლენის სფერო“ მოსკოვისა, რომელიც აქ დომინირებდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად.

„მაგრამ ომმა უკრაინაში გამოიწვია გაოგნება, რისი გაგებაც შეიძლება“, - მიიჩნევს სუბრამანიამი. სანამ კრემლი უკრაინაში ომითაა დაკავებული, ცენტრალური აზია გადახედავს თავის ურთიერთობებს მოსკოვთან, ეს კი ახალ შესაძლებლობებს უხსნის ორ მოთამაშეს რეგიონში - ჩინეთსა და თურქეთს.

„ჩინეთისთვის ევრაზიის სახმელეთო მარშრუტები წარმოადგენს მისი ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ღერძს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პეკინის გზა დომინირებისკენ ცენტრალურ აზიაზე გადის. სატრანსპორტო კონტეინერები ჩინეთიდან ტრადიციულად რუსეთის გავლით მიემართებოდა ევროპაში (ჩრდილოეთის მარშრუტი).

მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის სანქციებმა და მის შედეგად გამოწვეულმა შეფერხებებმა ვაჭრობაში პეკინი აიძულა, გადაესინჯა სტრატეგიული გაანგარიშებები“, - წერს Modern Diplomacy.

ჩინეთმა უფრო აქტიურად დაიწყო ტრანსკასპიური მარშრუტის ან ე.წ. შუა დერეფნის გამოყენება, რუსეთის გვერდის ავლით. ვარაუდობენ, რომ ტვირთის გადაზიდვა ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით მნიშვნელოვნად გაიზრდება გასულ წელთან შედარებით.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ჩინეთი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ახლა ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოებას, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური ინტერესები რეგიონში და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება სინიანში არეულობა გამოიწვიოს. მრავალი წლის განმავლობაში შრომა არაფორმალურად იყო დანაწილებული რუსეთსა და ჩინეთს შორის: მოსკოვი პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოებაზე, ხოლო პეკინი - ეკონომიკაზე. „რუსეთს გაჭიანურებული ომი აქვს. პეკინი კი აძლიერებს ურთიერთობებს რეგიონთან. ამან შესაძლოა ჩინეთს უბიძგოს რუსეთის შევიწროებისკენ, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად ითვლება“, - ფიქრობს სუბრამანიამი.

სტატიის ავტორი წერს, რომ ანკარა ასევე ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში. თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი აპრილში ეწვია უზბეკეთს და ხელი მოაწერა ათეულობით შეთანხმებას. მაისში თურქეთში ტოყაევის ვიზიტის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს რიგ დოკუმენტებს და შეთანხმდნენ „სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე“.

რეგიონის სახელმწიფოები თურქული „ბაირაქთარის“ დრონებით ინტერესდებიან. 2021 წელს ყირგიზეთმა ანკარისგან დრონები იყიდა ტაჯიკეთთან სასაზღვრო დავის შემდეგ. ნურ-სულთანი და ანკარა ყაზახეთში დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ.

თურქეთი თავის თავს სთავაზობს რუსეთის ალტერნატივად ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი და ერთი გზა“. გარდა ამისა, ანკარა და ცენტრალური აზია მზად არიან ვაჭრობის გასაძლიერებლად.

„ცენტრალური აზიისთვის ურთიერთობების სტრატეგიული გადაფასება და უფრო მეტი რეგიონული მოთამაშეების მოწვევა, მოსკოვისგან თანდათან გამოყოფის შესაძლებლობაა“, - ამბობს ავტორი.

უკავშირებენ თუ არა შუა აზიის ქვეყნები თავიანთ ეკონომიკურ მომავალს ჩინეთს?

ინგლისურენოვანი საიტი, Eurasianet-ი წერს, რომ ტაშკენტში, ბიშკეკსა და დუშანბეში სტუმრობისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ცდილობდა ჩინეთი წარედგინა როგორც საიმედო, თავშეკავებული და გულუხვი პარტნიორი. სტატიაში სათაურით - „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფი, იმედისმომცემი ტურნე შუა აზიაში“, წაიკითხავთ, რომ რეგიონის ქვეყნები „თავიანთ ეკონომიკურ მომავალს ჩინეთთან და არა რუსეთთან ერთად ხედავენ“.

რეგიონში ის ჩასვლის წინა დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჟაო ლიძიანმა, ჟურნალისტებს უთხრა: „შუა აზია აწყდება შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეულ პრობლემებს. რეგიონის ქვეყნებს აერთიანებთ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების, უსაფრთხოების ერთობლივად განვითარების იმედი“.

ვან ი მონაწილეობას იღებდა შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ტაშკენტში, 28-29 ივლისს და შეხვდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვლადიმირ ნოროვს. ჩინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს ტაშკენტის ქმედებას, რომელიც მიმართულია ეროვნული სუვერენიტეტის და სტაბილურობის (მინიშნება ყარაყალპაკეთში გამოსვლების ჩახშობაზე) დაცვისკენ და დასძინა, რომ ჩინეთი ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოეთის ძალების ჩარევის წინააღმდეგია.

ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენლები აეროპორტში ხვდებიან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის.
ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენლები აეროპორტში ხვდებიან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის.

„ასეთი განცხადებებით, ჩინეთის ოფიციალური პირები ცდილობენ აჩვენონ მკვეთრი კონტრასტი დასავლეთის მთავრობების პოზიციების მიმართ, როცა ისინი პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების მიერ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ“, - აღნიშნავს Eurasianet-ი.

ვანს ბიშკეკში ენთუზიაზმით შეხვდნენ, წერს გამოცემა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ვადირ ჟაპაროვმა, განაცხადა, რომ ბიშკეკი პეკინს „ქვეყნის სამომავლო აყვავების პირობად“ თვლის.

მოლაპარაკებაზე უსაუბრიათ ასევე ჩინეთიდან ყირგიზეთის და შემდეგ უზბეკეთის მიმართულებით რკინიგზის აგების შესახებ.

ბიშკეკის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დუშანბეში გაემგზავრა. ტაჯიკეთს უცხოელი კრედიტორების 3,3 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აქვს, ამ თანხიდან მხოლოდ ჩინურ ბანკზე მოდის 1,98 მილიარდი დოლარი.

ყირგიზეთიცა და ყაზახეთიც აცხადებენ, რომ ჩინეთთან ვაჭრობის იმ მოცულობის მიღწევა სურთ, რომელიც პანდემიამდე ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG