Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტრანსნეფტი": შეწყდა უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთისთვის


უკრაინის მაგისტრალური მილსადენების სახელმწიფო ოპერატორმა „უკრტრანსნაფტამ“ შეწყვიტა უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირება ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. ამის მიზეზი გახდა რუსეთის მხარის მიერ ტრანზიტის საფასურის გადაუხდელობა, იტყობინება რუსეთის კომპანია „ტრანსნეფტი“.

რუსეთის კომპანიამ განაცხადა, რომ არ შეუძლია ტრანზიტის გადახდა ევროკავშირის სანქციების გამო, უკრაინა კი რუსეთის საწვავის ტრანზიტისთვის მომსახურებაში წინასწარ იღებს ასპროცენტიან საფასურს. „უკრტრანსნაფტას“ არ გაუკეთებია ამ საკითხზე კომენტარი.

ივნისში ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს. მაგრამ სანქციები არ გაავრცელეს „დრუჟბაზე“, ვინაიდან ვერ მოხერხდა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის ალტერნატიული წყაროს სწრაფად მოძიება. „ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ მოხერხდა სანქციების მეშვიდე პაკეტის გამო, რომელიც ევროკავშირმა ივლისში შეათანხმა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ უკრაინამ გააგრძელა ევროპაში რუსეთის გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, მოსკოვმა კი - ტრანზიტის საფასურის გადახდა. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ნავთობის ტრანზიტზე მოქმედი შეთანხმება 2019 წლის დეკემბერში იქნა მიღწეული და ის 2030 წლის იანვრამდე მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG