ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებსა და ირანს „ძალზე სწრაფად“ ექნებათ რეაქცია „საბოლოო ტექსტზე“, რომლის მიზანია განაახლოს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ 25-გვერდიანი პროექტი ყველა მხარეს დაეგზავნა გადაწყვეტილების მისაღებად.
ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 9 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტექსტი საბოლოოა და „ახლა არის გადაწყვეტილების მომენტი: ან კი, ან არა. მოველით, რომ ყველა მონაწილე ძალიან სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას.“ სტანომ დასძინა, რომ მოლაპარაკებებისთვის აღარ დარჩა თავისუფალი სივრცე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა „სწრაფად მიაღწიოს გარიგებას“ 2015 წლის შეთანხმების ასაღორძინებლად ევროკავშირის წინადადების საფუძველზე. პრესმდივნის თქმით, ვაშინგტონი დაიცდის, რათა ნახოს, „შეესაბამება თუ არა თეირანის ქმედებები მის სიტყვებს“. მანამდე განმეორებით გაიჟღერა სიგნალებმა იმის თაობაზე, რომ ირანის ხელისუფლებამ შეიძლება მოიწონოს გარიგება. ირანმა განაცხადა, რომ ის განიხილავს პროექტს.
როგორც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა, ენრიკე მორამ განაცხადა, ის „აბსოლუტურად“ ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკებების წინსვლას.
დაწერეთ კომენტარი