"მედიის ადვოკატირების კოალიცია" პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავს მმართველი პარტიის მოთხოვნაში, გატარდეს სანქციები ოპოზიციური არხების, "მთავარი არხის", "ფორმულისა" და "TV პირველის" წინააღმდეგ აქციის, "შინ ევროპისკენ" სარეკლამო კლიპის ეთერში განთავსებისთვის. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს არის დევნის კიდევ ერთი ნიშანი.
"მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები", - აცხადებენ მედიაკოალიციაში.
სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ 3 ტელევიზიას: "მთავარ არხს", "TV პირველსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო, რადგან ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.
"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის; ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სატელევიზიო არხები, "მთავარი არხი", "TV პირველი" და "ფორმულა" ფიქრობენ, რომ ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია დასჯის აქციის, "შინ ევროპისკენ" სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის.
ამ საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
დაწერეთ კომენტარი