Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასაევის დაჯგუფების წევრს, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, ასტრახანში ასამართლებენ


მაგომედ ალხანოვი
მაგომედ ალხანოვი

ასტრახანის რაიონული სასამართლო ჩეჩენი საველე მეთაურების, შამილ ბასაევისა და ხატაბის უკანონო დაჯგუფებების ერთ-ერთი წევრის, მაგომედ ალხანოვის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

1982 წელს დაბადებულ მაგომედ ალხანოვს ბრალი ედება სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის ხელყოფის, ჩეჩნეთში შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის, ასევე სხვა დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის, ასტრახანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაქცევაში.

ალხანოვმა, ტერაქტის მომზადების, იარაღით ვაჭრობისა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ბრალდებით, 10 წელი გაატარა საპატიმროში. შემდეგ ბრალდებული გაიქცა ასტრახანის რეგიონული კლინიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული განყოფილებიდან. გაქცევა მოეწყო 2021 წლის ოქტომბერში, ასტრახანის რეგიონში რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის შუამავლობით, რომელმაც ამისთვის აიღო ქრთამი 4,3 ათასი რუბლის ოდენობით და დაპირება, რომ დამატებით კიდევ 1 მილიონ რუბლს გადაუხდიდნენ.

გაქცევის შემდეგ, ალხანოვი ასტრახანში რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდა, ვიდრე ერთ-ერთ კაფეში არ დააკავეს - იგი ადგილობრივმა მკვიდრმა ამოიცნო და პოლიცია გამოიძახა. ამ შეტყობინებისთვის ინფორმატორი 100 ათასი რუბლით დაჯილდოვდა.

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მაგომედ ალხანოვი მონაწილეობდა შეიარაღებულ ამბოხში, ხოლო 2000 წლის თებერვალ-მარტში, შატოის რეგიონის ულუს-კერტის რაიონში თავს დაესხა ფსკოვის სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეებს. შედეგად, 84 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და კიდევ ოთხი დაშავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმაში 2500-მდე ბოევიკი მონაწილეობდა.

ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყების დროს ალხანოვი 12 წლის იყო, ხოლო ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის მე-6 კომპანიის მებრძოლებზე თავდასხმის დროს - არასრულწლოვანი. ალხანოვის ადვოკატის მტკიცებით, შამილ ბასაევს მოზარდები ბრძოლაში არასდროს წაუყვანია. ადვოკატის თქმით, ალხანოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი იყო იმ რუსი სნაიპერის ჩვენება, რომელმაც სავარაუდო ჩეჩენი მეამბოხე 20 წლის შემდეგ ამოიცნო.

თავად ალხანოვი ასევე დაჟინებით უარყოფს ფსკოვის მედესანტეებზე თავდასხმაში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG