Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა: მე ასეთი გამხდარი არასდროს არ მინახავს


მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კლინიკა "ვივამედში" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის წონაში კლება თვალშისაცემია.

"მე ასეთი გამხდარი არასდროს არ მინახავს. რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ის ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს...

აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ სამი პროცესი მიმდინარეობს პარალელურად: საზღვრის უკანონო კვეთის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა ("პიჯაკების საქმე") და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის საქმეებზე.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.

ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილს ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადოს სრულ გამოჯანმრთელებამდე. ბოლო რამდენიმე კვირაა, მისი ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, რადგან მისთვის პრიორიტეტი ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

XS
SM
MD
LG