Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოატყუეს უკრაინაში საომრად წასული მოხალისეები


უკრაინაში ომში არა მხოლოდ რუსი საკადრო სამხედროები იბრძვიან, არამედ ეგრეთ წოდებული მოხალისეებიც. ზაფხულამდე მათ ფრონტზე აგზავნიდნენ ბატალიონ "БАРС"-ის (ქვეყნის საბრძოლო საჯარო რეზერვი) ხაზით, მოგვიანებით კი - ბატალიონების საშუალებით, რომლებიც რუსეთის რეგიონებში იქმნება.

ფრონტიდან უკან დაბრუნებული პირველი მოხალისეები ამბობენ, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ.

მათი თქმით, მხოლოდ ხელფასი აიღეს, სხვა პრივილეგიების გარეშე. არადა, ასეთი სამხედროების დაღუპვის შემთხვევაში ოფიციალური კომპენსაცია ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ხელშეკრულებით აყვანილი მოხალისეებისა. "Idel.Реалии" ესაუბრა თათრეთში მოხალისეებს, რომლებიც უკრაინიდან დაბრუნდნენ და შეეცადა, გაერკვია, რას წარმოადგენს "БАРС"-ის ბატალიონები და რატომ არ სურს ხელისუფლებას ისინი „ნამდვილ სამხედროებად“ აღიაროს.

მოხალისე სამხედროების სახელები შეცვლილია მათი უსაფრთხოების მიზნით. Idel.Реалии-მ იცის მათი ვინაობა, რედაქციას აქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ უკრაინაში როგორც სამხედროები, მათ მიერ დასახელებულ დროს.

ვიქტორი

"БАРС"-ის ერთ-ერთი ბატალიონის მოხალისეები მანქანებით როსტოვის ოლქის სამხედრო ნაწილში გადაჰყავთ, სადაც მათ თავიანთი საბუთები უნდა აიღონ და შინ დაბრუნდნენ უკრაინაში ორთვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ. როგორც კი ისინი მანქანებიდან გადმოდიან, მანქანები ადგილს ტოვებენ და სამხედროები მარტო რჩებიან.

სამხედრო ნაწილი ველზე მდებარეობს, გზიდან დაახლოებით 10 კილომეტრში; იქ, ახლომახლო, დასახლებული პუნქტები არ არის.

სამხედრო ნაწილიდან ოფიცერი გამოდის და მოხალისეებს თავიანთ საბუთებს გადასცემს, რომლებიც შეფუთულია: ტელეფონს, პასპორტს, სამხედრო ბილეთს.

- და როსტოვამდე როგორ მივიდეთ? - ეკითხება ვიქტორი (სახელი შეცვლილია).

- ტრასა, აი, იქ არის, - ეუბნება ოფიცერი და მიდის.

სამხედროებს ნაღდი ფული არ აქვთ, ტრასა შორს არის. მაგრამ სხვა რა გზაა?! მოგვიანებით, უკვე ტრასაზე მყოფნი, გადაწყვეტენ, გამვლელი მანქანა დაიჭირონ, მაგრამ მოულოდნელად მათ წინ ცარიელი სამხედრო სატვირთო მანქანა ჩერდება, რომელსაც Z აწერია.

- რაო, ბიჭებო, როსტოვში მიდიხართ? მოდით, ამოხტით, - ეუბნება მათ მძღოლი.

ვიქტორი დარწმუნებულია, რომ ამ სატვირთო მანქანის მძღოლი პირველად არ ხვდება სამხედროებს, რომლებიც ფეხით მიდიან სამხედრო ნაწილიდან დონის როსტოვის სადგურამდე.

- მან როსტოვამდე ვერ ჩაგვიყვანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც დასახლებულ ადგილამდე მაინც მიგვიყვანა. გაგვიჩერა, VTB -ს ბანკომატისკენ წავედით. ზოგს ბარათზე საერთოდ არ ჰქონდა ფული.

ამბობენ, რომ ბანკის თანამშრომლებმა ბატალიონის რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუკარგეს რეკვიზიტები. მე რამდენიმე ათასი რუბლი მქონდა.

გამოვიტანეთ ფული (ჩამოვედით, ვისაც რამდენი გვქონდა) და მოვაღწიეთ სახლამდე. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო. სადგურამდე მაინც მივეყვანეთ, - აღშფოთებულია ვიქტორი, - ჩვენ მოხალისეებად წავედით, ჩვენი ჯარის დასახმარებლად, ის კი ასე მოგვექცა.

"БАРС"-ის ბატალიონის თითქმის ყველა მოხალისე, ვისთან გასაუბრებაც მოახერხეს გამომცემლობის ჟურნალისტებმა, ამბობდა, რომ ისინი არ მოელოდნენ ასეთ დამოკიდებულებას.

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უშუალოდ ვიქტორმა, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ 330 ათასი რუბლი მიიღო ორთვიანი სამსახურისთვის, თუმცა მათ 410 ათასს ჰპირდებოდნენ. „ზოგიერთებს ჩემი ბატალიონიდან ტელეფონით ველაპარაკე, ზოგს პერმში, ზოგს ნიჟნი-ნოვგოროდში - საერთოდ არაფერი არ მიუღიათ, ზოგს 20 ათასი მისცეს“, - დასძინა მან.

ვიქტორი აქამდეც მსახურობდა, მას აქვს საბრძოლო გამოცდილება. ამბობს, რომ ადრე არასდროს უნახავს ასეთი დამოკიდებულება.

- გამაოგნებელია, რომ ქვედანაყოფების მეთაურებადაც კი არ ნიშნავენ საკადრო ოფიცრებს! ასეულის მეთაურად დაგვინიშნეს, ბოდიში და, ყოფილი „ძაღლი“, რომელსაც იარაღიც არ სჭერია ხელში არასდროს და არ უომია, მილიციიდანაც გამოაგდეს. იმან ბრძოლის ტაქტიკა კი არა ... საერთოდ არაფერი არ იცის! ამის გამო იყო დანაკარგები! ჩვენ სხვა ბატალიონების მებრძოლებთანაც გვაქვს ურთიერთობა - იქაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა!

მსგავსი ამბავი - ის, რომ ასეულის სათავეში და უფრო მაღალ პოზიციაზეც კი, ნიშნავენ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება - სხვა თანამოსაუბრეებმაც,"БАРС"-ის სხვა ბატალიონების მოხალისეებმაც დაადასტურეს,

თუმცა, მოხალისე სამხედროები ბევრ სხვა პრობლემასაც წააწყდნენ - არ ჰქონდათ ნორმალური სამხედრო აღჭურვილობა, იარაღი, არ იღებდნენ „საბრძოლო“ ანაზღაურებას (8 ათასს დღეში), დარიცხვებს სამხედრო სამსახურის წლების მიხედვით. ეს არასრული სიაა იმისა, რაც თანამოსაუბრეებმა ჩამოთვალეს.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მათ „ნამდვილ სამხედროებად“ არ მიიჩნევენ. მნიშვნელოვანი საკითხია, ვისთან იყო ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც მათ სამხედრო ნაწილში დადეს. საბოლოოდ თავად თანამოსაუბრეებს ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

ვიქტორი ფიქრობს, რომ კონტრაქტი იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ის გვიამბობს, რომ მივიდა თათრეთის ერთ-ერთი ქალაქის სამხედრო კომისარიატში, გაარკვია, როგორ წასულიყო უკრაინაში და რა შეზღუდვები არსებობდა. სამხედრო კომისარიატიდან ყაზანში გადაიყვანეს - იქ სხვა მოხალისეებიც მოიყვანეს რესპუბლიკის სხვა რაიონებიდან. „შეაგროვეს 40-მდე ადამიანი ავტობუსში და ეგ იყო - გააგზავნეს იქ [როსტოვის ოლქში]“, - აღნიშნავს ის.

უკვე ადგილზე, პოდპოლკოვნიკი ყაზანიდან, რომელიც ჩვენთან ერთად მგზავრობდა, მოელაპარაკა ადგილობრივ პოლკოვნიკს, ის, თავის მხრივ, მოხალისეებს გაესაუბრა.

ამის შემდეგ ხელშეკრულებების, კონტრაქტების შევსება და VTB-ს საბანკო ბარათების გაფორმება დაიწყეს, - ამბობს ვიქტორი. „იქვე იყვნენ გოგოები და ბიჭები ბანკიდან, რომლებიც ბარათებს გასცემდნენ“.

ვიქტორი დარწმუნებულია: მათ რომ სამსახურისთვის საკმარისი ფული არ გადაუხადეს, ეს თათრეთის სამხედრო კომისარიატის კი არა, პირველ რიგში, როსტოვის ოლქის სამხედრო ნაწილის ბრალია.

- ხელშეკრულებების შედგენა და ხელის მოწერა ხდებოდა პოლიგონზე, როსტოვის ოლქში. ჩვენ გვეგონა, რომ ხელს ვაწერდით ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტროსთან. ხელშეკრულებაშიც, რამდენადაც მახსოვს, ასე იყო მითითებული. მე შეკითხვით მივმართე იმ პოდპოლკოვნიკს, რომელიც ჩვენთან იყო. მან მიპასუხა: „თქვენ შეიარაღებულ ძალებთან საერთო არ გაქვთ, თქვენ პარტიზანები ხართ“. გამოდის, რომ ჩვენ ვართ, როგორც ბატალიონი „ახმატი“ და აი, ესენი, ყველანი. არც ამათ აქვთ საერთო შეიარაღებულ ძალებთან - მოხალისეებს, - ამბობს ვიქტორი.

ალექსანდრე

როცა "БАРС"-ის სხვა ბატალიონის მოხალისეები როსტოვის ოლქში დაბრუნდნენ, ისინი აღშფოთებული იყვნენ იმით, რომ ფულს არ უხდიან და სამხედრო ხელმძღვანელობა არაპროფესიონალურად იქცევა. მათ გამოიძახეს გენერალი და ფედერალური გზის გადაკეტვა უნდოდათ.

- ჩვენთან ერთად 30 ადამიანი იყო. ისინი, ვინც მოგვიანებით დაბრუნდნენ [უკრაინიდან], ასევე გამოდიოდნენ და ასევე ითხოვდნენ ფულს. მაშინ ჩვენ მაისის თვის ფული გადაგვიხადეს, მაგრამ საბრძოლო ანაზღაურება წოდებისთვის, საერთოდ არაფერი არ გადაუხდიათ, არცერთი კაპიკი, - ამბობს ალექსანდრე (სახელი შეცვლილია), რომელიც ასევე ამ "БАРС"-ში მსახურობდა.

ის თათრეთში დაიბადა. Idel.Реалии-ის კორესპონდენტთან საუბრისას, თქვა, რომ უკმაყოფილოა იმით, რომ მხოლოდ ხელფასი გადაუხადეს - „კაპიკები“.

205 ათასი რუბლი გადამიხადეს თვეში, მაგრამ „საბრძოლო“ არ გადაუხდიათ - ეს 8 ათასია დღეში. წოდებისთვისაც არაფერი გადაუხდიათ. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ ვიღებდით მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, მაგრამ არა, ჩვენ ნული ვართ, არავინ ვართ - საწყენია, - თქვა მან.

ანტონოვის ხიდი დნეპრზე, რომელიც აკავშირებს ხერსონს მარცხენა სანაპიროსთან, უკრაინის სამხედრო ძალების პირველი დარტყმების შემდეგ. ხერსონი, 2022 წლის 20 ივლისი
ანტონოვის ხიდი დნეპრზე, რომელიც აკავშირებს ხერსონს მარცხენა სანაპიროსთან, უკრაინის სამხედრო ძალების პირველი დარტყმების შემდეგ. ხერსონი, 2022 წლის 20 ივლისი

ალექსანდრე იხსენებს, როგორ მოხვდა ომში. ის თავისი ქალაქის სამხედრო კომისარიატში მივიდა, რომ გაეგო, როგორ წასულიყო უკრაინაში მოხალისედ.

- ჩვენ სამედიცინო კომისიაც კი არ გაგვივლია: ავადმყოფი ხარ, არ ხარ, სულერთია, ყველა აჰყავდათ! ჩანთები მოგვცეს, გვაჭამეს და ნოვოჩერკასკში წაგვიყვანეს. იქ ჩაგვაცვეს - ყველაფერი ძველი იყო, არმიიდან ჩამოწერილი, ავტომატები ჟანგიანი იყო. მერე ჩვენ აღვადგინეთ. იქ შვიდი დღე დავყავით, შემდეგ [ფრონტის] ხაზზე გადაგვიყვანეს. ხელშეკრულებებს ხელი მოვაწერეთ ჯერ კიდევ ნოვოჩერკასკში, მაგრამ იქ წაკითხვის დრო არ მოგვცეს - მოგვაჩეჩეს, ხელი მოაწერე და აბა, ჩქარა წავედითო, - მოგვითხრობს ის.

ალექსანდრე აზუსტებს, რომ თავდაპირველად მათ არ ეგონათ, რომ ყველაფერი ამგვარად იქნებოდა.

- როცა შევიტყვეთ, შოკში ვიყავით. იქ [ფრონტზე] ცოტა საჭმელი გვქონდა, სიგარეტი არ გვქონდა, არაფერი არ გვქონდა. თუმცა ტყვია-წამალი ბლომად იყო. ჩვენ როცა სოფლებს ვიღებდით, უკვე იმათ ტყვია-წამალს ვაგროვებდით, ამერიკულს. აი, ჩემი ერთი მეგობარი იყო ჩვენთან ერთად (თათრეთიდან არა - "Idel.Реалии"), მაშინვე დაიღუპა, მალევე. დღეს გავიგე, რომ მის ოჯახს არანაირად არ დაეხმარნენ. საკუთარი ხარჯებით დაკრძალეს. არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ მისი სიკვდილისთვის.

ბორისი

კიდევ ერთი მოხალისე "БАРС"-იდან - ბორისი (სახელი შეცვლილია) - აღნიშნავს, რომ ზოგიერთი დაღუპულის ოჯახს გადაუხადეს, ზოგიერთისას - არა:

- ვიცი, რომ კიდევ ერთ დაღუპულს მოიყვანენ "БАРС"-იდან თათრეთში.

მისი ნათესავები უკვე იყვნენ მოსული და გააფორმეს საბუთები შვიდ მილიონზე, მაგრამ მეორე დაღუპულის ოჯახმა მითხრა, რომ არაფერი მიუღიათ. აი, მე არ მესმის, სად არის ძაღლის თავი დამარხული: ეს ჩინოვნიკები აფერხებენ თუ მექანიზმია გაუმართავი, მოხალისეებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში.

მოგვიანებით, Idel.Реалии-სთან საუბრისას, მან დააზუსტა, რომ საბოლოოდ, თათრეთში, "БАРС"-ის მოხალისის დაღუპვის შემთხვევაში, შვიდ მილიონ რუბლს იხდიან, ხოლო ხელშეკრულების მქონე სამხედროს დაღუპვის შემთხვევაში, ორჯერ მეტს - 14 მილიონს. მაგრამ რეგიონს გააჩნია: ზოგიერთ რეგიონში ისევეა, როგორც თათრეთში, ზოგიერთში - არა.

ამასთან, სხვებისგან განსხვავებით, ბორისს მიაჩნია, რომ ზოგიერთი მათგანის მოლოდინი, ვინც "БАРС"-ში იყო, სინამდვილეს არ დაემთხვა.

- ჩემთვის ეს პირველი ომი არ არის. მე, რა თქმა უნდა, გამოსაცვლელი ფორმაც წავიღე, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან დარჩენილი, სამხედრო ფეხსაცმელებიც, სპორტული ფეხსაცმელებიც, რეზინის ჩექმებიც, - ამბობს ბორისი. ერთი სიტყვით, ორი ზურგჩანთა მქონდა.

საჭმელი ბევრი არ წამიღია: ჩაშუშული ხორცის კონსერვი, ძეხვი, კონსერვები... რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთები, ვინც ფიქრობდა, რომ, აი, ახლა მოვიდოდნენ და საუკეთესო რამეებს ჩააცმევდნენ. ბოლოს გაიგეს, რომ გასარეცხი არსად არ არის და გამოსაცვლელი არაფერია. მერე მიტოვებულ სახლებში დადიოდნენ და „ბოტასებს“ (სპორტულ ფეხსაცმელებს) ეძებდნენ.

ბორისი ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელმაც გვიამბო, რომ იყო გზის გადაკეტვის მცდელობა იმის გამო, რომ სამხედროებს ფული არ გადაუხადეს. „აბა, ხალხი როგორ დაბრუნდეს? ზოგიერთი შორეული აღმოსავლეთიდან იყო. ერთი ამბავი ატეხეს და მხოლოდ ამის მერე დაიწყეს საბუთების და ფულის გაცემა“, - ამბობს ის.

იგი გვიამბობს ასევე, რომ საბუთებში არ ეწერა, ვისთან იყო გაფორმებული ხელშეკრულება:

- მივედი სამხედრო კომისარიატში, დავწერე განცხადება, რომ მინდა მოხალისედ წასვლა. და მორჩა. ამის შემდეგ სამხედრო კომისარიატმა გააფორმა განცხადება, მერე ეს ყველაფერი ყაზანში გაიგზავნა და ეგ იყო.

ხელფასიც ისე არ გვეძლეოდა, როგორც ხელშეკრულებით აყვანილებს. ჩვენთან ანაზღაურების დანიშვნა საერთოდ გაუგებარია, რა არის, რაღაც დახმარებასავითაა, ლამის ბავშვის შემწეობასავით.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროდან ფული არასდროს მოსვლია.

- როცა დოკუმენტებს ხელს ვაწერდით, ზემოთ, დოკუმენტის სათაურში არაფერი იყო მითითებული, ვისთან ვაწერთ ხელშეკრულებას ხელს, მაგრამ შემდეგ მათ შეუძლიათ ჩაწერონ, რაც სურთ. საშინელებაა, თავს და ბოლოს ვერ გაიგებ. ძალიან საწყენია, რომ „საბრძოლოები“ (დამატებითი თანხა ბრძოლაში გატარებული თითოეული დღისთვის) არ გადაიხადეს, - ამბობს ბორისი.

ასეთივე ისტორიები უამბეს Idel.Реалии-ს სხვა დანარჩენმა თანამოსაუბრეებმაც, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ ანაზღაურებითა და იმით, რომ „ნამდვილი ხელშეკრულების მქონე სამხედროებივით“ პრივილეგიები არ მიანიჭეს.

თანამოსაუბრეებისგან ხელშეკრულების ასლების მიღება Idel.Реалии-მ ვერ მოახერხა - მათი სიტყვებით, მათ ხელთ არ ჰქონდათ საბუთები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში რედაქციის შეკითხვებისთვის აქამდე არ გაუციათ პასუხი.

- ჩვენ თითქოს დივიზიაზე ვიყავით მიმაგრებული, იარაღსა და პატრონებს ისევე ვიღებდით, როგორც ყველა, მოწინავე ხაზზე მარტო არ დავრჩენილვართ, მუდმივად კავშირი გვქონდა სხვა სამხედროებთან.

ჩვენთან, "БАРС"-ელებს შორის, ვერავინ ვერაფერი გაარკვია - გვიზიარებს ბორისი.

სამხედრო კომისარიატი

8 ივლისს ხელშეკრულების მქონე მოხალისეები თათრეთის სხვადასხვა რაიონიდან ყაზანის სატანკო სასწავლებელში ჩავიდნენ, რათა მიეღოთ აღჭურვილობა და რეგისტრირებული ბატალიონის, „ალგას“ შემადგენლობაში წასულიყვნენ პოლიგონზე, ორენბურგის ოლქში, სადაც ტარდება წვრთნა ომში წასვლამდე.

იმ დღის ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს, რომ სამხედროებს ახალ აღჭურვილობას ურიგებენ - სხვადასხვა ტიპის ჟილეტებს, ჩაფხუტებს, დამცავ საშუალებებს და სხვ.

მოხალისეებს "БАРС"-იდან ასე არ უშვებდნენ სამხედრო სამსახურში. არაფერი სადღესასწაულო არ იყო, მარტო სამხედრო კომისარიატი - ავტობუსი როსტოვის ოლქამდე - ფრონტი. იმის გასაგებად, თუ რატომ მოხდა ასე, უნდა გავერკვიოთ, რა განსხვავებაა "Алга"-ს, "Тимер"-ისა" და "БАРС"-ის ბატალიონებს შორის.

10 ივნისს, თათრეთის სახელმწიფო მედიის ოფიციალური არხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზანის სამხედრო კომისარიატმა სამხედრო სამსახურისთვის მოიწვია 49 წლამდე მამაკაცები, რომლებიც ადრე ჯარში მსახურობდნენ“. განცხადებიდან ჩანს, რომ მოხალისეებს ჰპირდებიან „სტაბილურ ხელფასს 205-დან 270 ათას რუბლამდე, სპეციალობის მიხედვით“ და სხვადასხვა ბონუსს. „ასეთნაირად, ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით მილიონი რუბლის გამომუშავებას შეძლებთ!“ - ეწერა განცხადებაში.

ეს პირველი ცნობები იყო თათრეთის რეგისტრირებულ ბატალიონებში გაწვევის შესახებ. იმ მომენტისთვის უკვე რამდენიმე რეგიონმა დაიწყო მათი შეგროვება.

თათრეთის მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ბატალიონში შესვლას ("Алга" უკვე შექმნილია და გაემგზავრა წვრთნის გასავლელად), ჰპირდებიან 260 ათას რუბლს იმისთვის, რომ „ოჯახმა შეძლოს ცხოვრება მარჩენლის გარეშე“, და ასევე 53 დოლარი დღეში „გარანტირებულია“, 8000 რუბლი დღეში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემთხვევაში, „სოლიდური აღჭურვილობა“, „დაზღვევა და შეღავათების სერიოზული ნაკრები, მატერიალური დახმარება ნათესავებისთვის, შეღავათები მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. „საბრძოლო წარმატებისთვის“ ჰპირდებიან პრემიებს. „საბრძოლო წარმატებებში“ იგულისხმება „მტრის“ საბრძოლო ტექნიკისა და ჯარისკაცების განადგურება: 300 000 რუბლი - თვითმფრინავისთვის, 200 000 რუბლი - ვერტმფრენისთვის, 50 000 რუბლი - უპილოტო საფრენი მოწყობილობისთვის, 300 000 - ტანკისთვის, 50 000 - სხვა ტექნიკისთვის და 100 000 „მებრძოლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ცოცხალი ძალების განადგურებაში“.

იმის მიხედვით, რაც გვიამბო რამდენიმე მოხალისემ, რომლებიც "БАРС -ში იბრძოდნენ, თათრეთის სამხედრო კომისარიატში ახლა "БАРС"-ში კი აღარ სთავაზობენ მოხალისედ წასვლას, არამედ სახელობით ბატალიონებში - "Алга"-სა и "Тимер"-ში („ალგა“ თათრულად არის „წინ“, ხოლო „ტიმერ“ – „რკინის“), რომლებისთვისაც მოხალისეების შეკრება ივნისის დასაწყისიდან დაიწყეს. Idel.Реалии-მ ამის შემოწმება გადაწყვიტა და დარეკა თათრეთის სამხედრო კომისარიატში, როგორც ფრონტზე წასვლის მსურველმა.

აღმოჩნდა, რომ 260 000 რუბლს რესპუბლიკისგან, რომლის მიცემასაც იქამდე ერთბაშად ჰპირდებოდნენ, საბოლოოდ ახალი სქემით გადაიხდიან - 15 000 რუბლს პარასკეობით, ოთხი თვის განმავლობაში (ეს არის მოსამზადებელი დრო რუსეთის ტერიტორიაზე), შემდეგ კი - 200 000-ს ერთბაშად, როგორც კი ბატალიონი გადაკვეთს რუსეთისა და უკრაინის საზღვარს. იგივე გამოაცხადა https://www.idelreal.org/a/31953342.html თათრეთის ხელისუფლებამაც. სხვათა შორის, ეს ფული რესპუბლიკის ხელისუფლების სარეზერვო ფონდიდანაა.

- მას შემდეგ, რაც საზღვარს გადაკვეთთ, თქვენთვის გადახდას დაიწყებს თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც ყველა სამხედროსთვის. იცხოვრებთ კონდიციონერებით აღჭურვილ, თანამედროვე კარვებში.

პირობები ცუდი არ არის. აღჭურვილობას თქვენთვის მთლიანად რესპუბლიკა ყიდულობს. ახალი სამხედრო ტექნიკა, მთელი ის კვადროკოპტერები, აღჭურვილობა უცხოურია, ხარისხიანი - ყველაფერი გექნებათ, - ამბობს თათრეთის კომისარიატის თანამშრომელი.

იქვე დააზუსტეს: ბატალიონში მოსახვედრად საჭიროა, რომ არ გქონდეთ ნასამართლობა და ასევე ნარკოტიკებთან შეხება. ყველაზე მთავარია სამედიცინო კომისიის გავლა. „თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, ჩვენ იქ გაგაგზავნით: "Алга" - ორენბურგის, "Тимер" კი - ნიჟეგოროდის ოლქში“, - აზუსტებს თანამშრომელი.

მასვე დავუსვით შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა, ავირჩიოთ, სახელობით ბატალიონებში წავიდეთ თუ უბრალოდ მოხალისედ. ის დარწმუნებით გვეუბნება, რომ უმჯობესია ბატალიონებში.

- [თუ "Алга"-სა და "Тимер"-ში წახვალთ], არ იქნებით როგორც მოხალისე, იქნებით როგორც საშტატო სამხედრო მოსამსახურე. თქვენ გაგიფორმდებათ სტაჟიც და სრული დაზღვევაც... ამოცანა ერთი და იგივე იქნება.

მოხალისეები, რამდენადაც ვიცი, არ გადიან სამედიცინო კომისიას. ისინი განცხადებებს წერენ, მათ ისეთი ძლიერი მხარდაჭერა არ ექნებათ სახელმწიფოსგან, როგორც ბატალიონებს. ამ ყველაფრის გარდა, თათრეთიდან მუდმივად იქნება ჰუმანიტარული დახმარება. სახელმწიფო ამ ბატალიონებისთვის უამრავ ფულს გამოყოფს, მათ შორის, კვადროკოპტერებისთვის. ყველაფერს მაქსიმალურად შეიძენს, - გვარწმუნებს ის.

- ჩვენ პირდაპირ წინა ხაზზე ვიქნებით? - ვეკითხებით მას.

- დიახ, დიახ, ერთმნიშვნელოვნად. ისე არ იქნება, რომ თქვენ ზურგში იყოთ: ფაფა ამზადოთ, საჭმელი არიგოთ, ჰუმანიტარული დახმარების მიმღები იყოთ. ეს არ იქნება. ეს იქნება ბატალიონები, რომლებიც პირდაპირ წინა ხაზზე მუშაობენ.

თათრეთის ბატალიონები ჯერ არ გამგზავრებულან უკრაინაში. ამიტომ იმის შემოწმება, გადაუხდიან თუ არა სამხედროებს იმას, რასაც ჰპირდებიან, და კონკრეტულად რას გააკეთებენ ისინი ფრონტზე, ვერ მოხერხდება.

აი, "БАРС"-ის ბატალიონებს კი, Idel.Реалии-ის თანამოსაუბრეების თქმით, დაჰპირდნენ „ფაფის დამზადებას, საჭმლის დარიგებას, ჰუმანიტარული დახმარების მიღებას“, ასევე იმასაც, რომ ისინი „ნამდვილი სამხედროები“ იქნებიან. მაგრამ სამხედრო ნაწილში, უკრაინაში გამგზავრებამდე, ყველაფერი შეიცვალა.

***

თათრეთის მენზელინის რაიონის სამხედრო კომისარმა, სერგეი ვლადიმიროვმა, ოთხი ადგილობრივი მცხოვრებლის "Алга"-ს ბატალიონში გაწვევის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „მათი პორტრეტები უნდა ეკიდოს საპატიო დაფაზე, სამართლიანი ესაა“, და ასევე გაიხსენა, რომ „დაახლოებით ამ დღეებში, 1941 წლის 23 ივნისს, 30 მენზელინელისგან შემდგარი პირველი რაზმი ზუსტად ასევე მიდიოდა ფრონტზე, როცა ქვეყანას „ყავისფერი ჭირი“ (იგულისხმება ნაციზმი) ემუქრებოდა“.

- და, აი, გავიდა 81 წელი და დღეს ჩვენ ვაცილებთ მენზელინელთა პირველ ერთიან რაზმს, რესპუბლიკური ბატალიონის, "Алга"-ს დასაკომპლექტებლად. მჯერა, რომ დასახული ამოცანები შესრულებული იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ!

შემდეგ ვიდეოზე ჩანს კადრი, როგორ იღებს ვლადიმიროვი სურათს ოთხ მოხალისესთან ერთად; მათი სახეები გაბუნდოვანებულია, რათა მათი ვინაობა არ გამჟღავნდეს, თუმცა მათი ფოტოები, სადაც სახეები დაფარული არ არის, რაიონული მედიის სხვა პუბლიკაციებში შეგიძლიათ ნახოთ.

მოხალისეები და ხელშეკრულების მქონე სამხედროები ხშირად ფარავენ თავიანთ სახეებს. მედიაში ამას ასე ხსნიან: რომ ვერავინ შეძლოს რამე გავლენის მოხდენა მათ ოჯახებზე. თუმცა, Idel.Реалии-ის თანამოსაუბრეებმა რამდენიმე ბატალიონიდან, ხაზგასმით თქვეს: თვითონ სამხედროებს არ სურთ, რომ ვინმემ იცოდეს იმის შესახებ, რომ ისინი უკრაინაში იბრძოდნენ.

„თუ გამოგვიძახებენ, გამოვეხმაურებით“

Idel.Realii-ს თანამოსაუბრეებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ძალიან კმაყოფილი დარჩა სამსახურით, იქაური პირობებით და ვინაობასაც არ მალავს. 56 წლის ნიჟნეკამსკელმა, ფერგატ ბაგაუტდინოვმა, ისევე როგორც ჩვენმა დანარჩენმა თანამოსაუბრეებმა, გადაწყვიტა ომში წასვლა, მაგრამ ხალისი არ დაუკარგავს. საუბარში დროდადრო იტყვის ხოლმე: „იდეისთვის წავედი“, „გული არ დამწყდა“, „თუ კიდევ გამოგვიძახებენ, გამოვეხმაურებით“, „გამარჯვება სწორ გზაზე“, „დაამარცხე ბოროტი ძალები“ და ა.შ.

ბაგაუტდინოვი, სხვა თანამოსაუბრეებისგან განსხვავებით, არ იმყოფებოდა "BARS"-ში, "Алга"-სა და "Тимер"-ში, მაგრამ, როგორც სხვები, ისიც მოხალისე იყო. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ ის არ იყო წინა ხაზზე, მუშაობდა მზარეულად.

ამასთან, ის ამტკიცებს, რომ აღჭურვილობა მისცეს „ყაზანისა და როსტოვის სამხედრო კომისარიატების მომარაგების წყალობით“. როცა ჩაეკითხნენ, რომ მისი სხვა კოლეგები საპირისპიროს ამბობდნენ, მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ პრობლემა ახლა არის ის, რომ „უკრაინას არ აქვს მშვიდობა“:

- არ არის სიმშვიდე, მშვიდობა არ არის, სადაც ვიყავით. ეს არ არის. ჩვენი იქ ყოფნა ზედმეტი არ იქნება. ჩვენ ხომ იქ მივედით მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ მოსახლეობას დავხმარებოდით, მაგრამ ასევე პასუხი გაგვეცა იმათი მძაფრი, არაადეკვატური ქმედებებისთვის, ვინც ეწინააღმდეგება მშვიდობასა და თანხმობას. ვიმეორებ: რაც იქ არ იყო, ესაა მშვიდობა, სიკეთე და თანხმობა. ღმერთმა ქნას, ჩვენი ძალებით, ერთობლივი ძალებით, ეს მიღწეული იქნეს.

კითხვას, იყო თუ არა მშვიდობა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, მან არ უპასუხა.

ბორისი მიიჩნევს, რომ ბაგაუტდინოვს უბრალოდ გაუმართლა. ალბათ, ვარაუდობს, ასაკის გამო და იმის გამო, რომ საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა. „ასეთი ხალხი ფრონტის ხაზზე საერთოდ არ იყო, ჩვენ საერთოდ არ გვინახავს. ისინი მხოლოდ საჭმელს ამზადებენ“, - ამბობს ის.

რესპუბლიკისა და კანონის იმედი

თუმცა, ვიქტორი, რომელმაც Idel.Realii-ს უამბო, თუ როგორ ცდილობდნენ ის და მისი კოლეგები სამხედრო ნაწილიდან როსტოვში, შემდეგ კი სახლში ჩაეღწიათ, ამბობს, რომ მზად არის კვლავ უკრაინაში წასასვლელად, "Алга"-ს საშუალებით.

„ახლა ახალ პოლკებს აყალიბებენ... შეიტყო თუ არა [თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ] მინიხანოვმა, რომ დამატებითი ჯამაგირი არ არის და ასეთი არეულობაა? როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ არ სჭირდებათ ჩვენნაირი მოხალისეები... რომ უკეთესია თვითონ, რამზან კადიროვის მსგავსად, შევკრიბოთ ჩვენი ხალხი, შევაიარაღოთ და გავაგზავნოთ. მეც წავალ ახლა, "Алга"-ს მეშვეობით გვირჩევენ. მალე სამედიცინო შემოწმებას გავივლი და სამი დღით კი არა, ერთი თვის განმავლობაში სავარჯიშოდ წავალ, შემდეგ კი, სამი თვით იქ საბრძოლველად. უმრავლესობა იქ ფულის გამო კი არა, პატრიოტული მოტივით მიდის - წასვლა და დახმარება უნდათ. და ჩვენდამი დამოკიდებულება... იმედია, ყველაფერი შეიცვლება. არც სამხედროებს ვადანაშაულებ. გასაგებია, რომ ყველა დაიღალა. ასეთი კონფლიქტი... ეს არაა ჩეჩნეთი, არც ავღანეთი, უფრო სერიოზულია“, - დარწმუნებულია ვიქტორი.

ბორისი, კოლეგებისგან განსხვავებით, იმედოვნებს, რომ ეს არის გაუგებრობა, რომელიც როგორმე მოგვარდება.

- ჩვენთვის ისიც გასაკვირი იყო, როცა დღეების განმავლობაში პოზიციებზე ვჩერდებოდით, არტილერია „გვაუთოებდა“, მაგრამ ამაში მოხალისეებს ზედმეტს არ უხდიდნენ. თავიდანვე გვითხრეს, რომ წინა ხაზზე არ ვიქნებოდით, რომ „ზურგში“ გაგვამწესებდნენ. მაგრამ იქ რომ მივედით, მაშინვე გამოგვიცხადეს, არ გეგონოთ, რომ უკან იქნებით, ფრონტზე ხაზზე მოგიწევთ ყოფნაო. კომისარიატმაც არაფერი იცოდა. იმედი მაქვს, რომ ვეტერანთა შესახებ კანონი შეიცვლება და იქ სიტყვა „მოხალისე“ გამოჩნდება, ფიქრობს ბორისი.

XS
SM
MD
LG