Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 სიმღერა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაიწერა


ომის დროს დაწერილი სიმღერები განსაკუთრებული მუხტის მატარებელია. გულგრილად ვერც ერთს მოისმენთ, თუმცა ალბათ ძალიან განსხვავებულ ემოციებს გამოიწვევს.

სამივე სიმღერა ამ კონფლიქტს სულ სხვადასხვა კუთხიდან ხედავს. თუმცა, რაიმეს ცხადად დანახვა რთულია, როდესაც ჯერ კიდევ ყველგან ტყვიები ზუზუნებს, ყოველდღე ახალ-ახალი საფლავები ითხრება და ჯერ არავინ იცის, თუ რითი დამთარდება ეს ყველაფერი.

ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი - „საბრძოლო“

ორი ვერსია არსებობს, თუ ზუსტად როდის დაიწერა ეს სიმღერა. ინგა ბერაძე იხსენებს, ჩემმა მეუღლემ, დავით გეგელაშვილმა, ის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შექმნა, როდესაც ტამიშთან მიმდინარეობდა ბრძოლებიო. გიგი კი ყვება, მამაჩემს ეს სიმღერა სოხუმის დაცემის შემდეგ მოუვიდაო. ერთის მხრივ, იმდროინდელი ამბები ქალბატონ ინგას უკეთ უნდა ახსოვდეს. მეორე მხრივ კი, როდესაც სიმღერას ისმენ, უფრო მეორე ვერსიის გჯერა - მასში მარცხის შემდეგ გაჩენილი შეუპოვრობის განცდა უფრო ჩანს.

მართალია, სიმღერას „საბრძოლო“ ჰქვია (და უამრავ ამბავს ყვებიან, თუ როგორ გაამხნევა მან ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცები), მაგრამ ომახიანი არ ეთქმის. უფრო ალბათ განწირული თავდადების განწყობას ქმნის. პირველი სიტყვებიც ხომ ასეთია: „სევდა ჩუმად ათოვს დღეებს“ და მერეც: „მზე ამოვა სისხლის ფერი და პატარა ათინათი გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ“ - ასე გრძელდება. „იუტუბზე“ დატოვებული კომენტარებიც ამას მოწმობს - „ცრემლი მომადგა“, „ვიტირე“, „გულში ჩამწვდაო“ - წერს ლამის ყოველი მეორე.

საბრძოლო სიმღერაა, მაგრამ უფრო იმ დროს სამღერი, როდესაც „შავი ღამის ჯინაზე“ ათენებ, გიტარაზე უკრავ და იცი - შეიძლება შენი ბოლო სიმღერაა.

ვალერი ბაღათელია - „რადა“

ვალერი ბაღათელია 70-იან და 80-იან წლებში სხვადასხვა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში მღეროდა. ომის დაწყების შემდეგ მისი „Хара харуаа реихабы“ („ჩვენი რაზმის მეთაური“) აფხაზეთის მხარეს მებრძოლთა საომარ ჰიმნად იქცა - თუმცა ეგ სიმღერა ომამდე დიდი ხნით ადრეა დაწერილი. „რადა“ კი ომის დროს, ტრაგიკულ ვითარებაში შეიქმნა.

რადა ვალერი ბაღათელიას 6 წლის გოგონა იყო, რომელიც სოფელ კინდღში მოკლეს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. აფხაზური მხარის ცნობით მკვლელები ქართველი მებრძოლები იყვნენ. მომხდარის ქართული ვერსია ინტერნეტში ვერ მოვიძიე. თავად მამას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შვილი ქართველებმა მოუკლეს. არ არის აუცილებელი ტექსტი გესმოდეს - ემოცია ისედაც გასაგებია.

ვალერი ბაღათელიას საფლავი ომის დასრულების შემდეგ, სოხუმში აღმოაჩინეს. დღეს სიმღერას რადაზე მისი უფროსი და, რენატა მღერის ხოლმე.

ნატალია მედვედევა - „წავიდეთ ომში“

ეს სიმღერა იწყება სიტყვებით „ოჩამჩირეში სიკვდილი ლამაზია“. ოჩამჩირეს, ცხადია, ნატალია მედვედევა წესიერად ვერც წარმოთქვამს - „ვ ოჩამშირახ“ - ასე ამბობს. ვნებით აღწერს, თუ რა სასიამოვნოა, როდესაც ფორთოხლის ბაღებში ავტომატს ეფერები და გასროლისას თავი ღმერთად წარმოგიდგენია.

რა დაკარგვია რუს მოდელსა და პოეტს აფხაზეთში? რატომ მოუწოდებს „მუჟიკებს“, რომ ავტომატებით ჩავიდნენ იქ, „სადაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეები მეფობს?“ ვისზე შესტკივა გული - „აქეთ“ მხარის ჯარისკაცებზე თუ „იქით“ მხარის მებრძოლებზე?

არც ერთზე და არც მეორეზე. მომღერალი იმაზე წუხს, რომ მოსკოვში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა - ავი და კარგი რთული გასარჩევია და ვერ გაიგებ, ვინ მტერია და ვინ - მოყვარე. აფხაზეთის ომი მისთვის და მისი მეგობრებისთვის ეგზოტიკურ ადგილებში მიმდინარე კონფლიქტია, სადაც დიდ ქალაქში ცხოვრებით იმედგაცრუებული რუსები საკუთარ თავს იპოვნიან.

ადგილზე მყოფთათვის ომი ტანჯვა და ტრაგედიაა. ჩამოსულებისთვის კი - ერთგვარი თავგადასავალი.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG