სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბირმის (მიანმარის) სამხედრო ხუნტის მიერ მართულმა სასამართლომ, ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, აუნ სან სუ ჩის. დახურულ სასამართლო პროცესზე ის დამნაშავედ ცნეს კორუფციაში, რომელიც სამხედრო ხელისუფლების მიერ მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
15 აგვისტოთი დათარიღებულ ცნობებში ნათქვამია, რომ 77 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დამნაშავედ მიიჩნიეს მის მიერ ჯანმრთელობისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაარსებული ორგანიზაციის საშუალებით სახლის მშენებლობისთვის თანხების ბოროტად გამოყენებასა და ასევე შეღავათიანი ფასით სახელმწიფო მიწის იჯარით განკარგვისთვის.
აუნ სან სუ ჩის, რომელიც დედაქალაქ რანგუნის ციხეში სამარტოო საკანში იმყოფება პატიმრობაში, უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმეებზე, გასული წლის შემდეგ, როდესაც სამხედროებმა დაამხეს არჩეული მთავრობა საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
სამხედრო გადატრიალებას შედეგად მოჰყვა ქვეყანაში განსხვავებული აზრის სასტიკი დევნა, ათიათასობით ადამიანის დაპატიმრება და რეპრესიები. მრავალი ცნობის თანახმად, ბევრი დისიდენტი სასტიკად სცემეს ან დახოცეს.
დაწერეთ კომენტარი