თბილისის მერია 60 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული, საცურაო აუზებისა და ფიტნესის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს. საკრებულომ უკვე დაამტკიცა შესაბამისი დადგენილება, თუმცა პროგრამის ზუსტი დეტალები და დაწყების თარიღი უცნობია.
ბენეფიციარებს შეეძლებათ მხოლოდ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სპორტული კომპლექსების გამოყენება.
"მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში", - წერია დადგენილებაში.
"სპორტი უფროსი თაობისთვის" პროგრამის ფარგლებში, აუზების ან ფიტნესის ვიზიტი დაუფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 ადამიანს.
"სპორტი უფროსი თაობისთვის" თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.