Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებულია ყირიმში ლოგისტიკური ობიექტების აფეთქებებით


აფეთქებები ჯანკოიში. 16 აგვისტო.

რუსეთის ჯარებმა სამოქალაქო დასახლებები დაბომბეს ხარკოვის მახლობლად და ცდილობენ, წინ წაიწიონ დონეცკის ოლქში, განაცხადეს 17 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. რუსეთმა უკრაინას საბოტაჟში დასდო ბრალი მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში ერთ-ერთი სამხედრო ბაზის აფეთქებისთვის. კიევიც მიანიშნებს, რომ ის დგას ინციდენტის უკან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა საჰაერო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს სტარი სალტოვისა და მოსპანოვოს მახლობლად ხარკოვის ოლქში. ამავე დროს, შტაბის თანახმად, რუსეთის ჯარები იერიშებს ახორციელებენ ლებიაჟიესა და ბაზალიევკის მახლობლად, სადაც გრძელდება ბრძოლები. დონეცკში რუსეთის ჯარები შეეცადნენ, წინ წაწეულიყვნენ ბოგოროდიჩნეს მახლობლად, მაგრამ უკან დახევა მოუწიათ. გრძელდება ბრძოლები მაზანოვკასა და ნოვოდმიტრევკასთან, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

კიევის ცნობით, რუსები იერიშების კონცენტრაციას ახდენენ ბახმუტისა და ნოვოპავლოვის მიმართულებით და ცდილობენ ტაქტიკური პოზიციები გაიუმჯობესონ კრამატორსკისა და ავდეევკის მიმართულებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქება საბოტაჟის შედეგია. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა რუსეთი აღიარებს, რომ მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო ლოგისტიკას ზიანს აყენებენ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალური ჯგუფები.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ აფეთქებების მიზეზი უცნობია, მაგრამ „დიდია ალბათობა“, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მსგავსი ინციდენტები სულ უფრო მეტად აშფოთებს ყირიმში უსაფრთხოების მდგომარეობის აშკარა გაუარესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG