Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, ევროკავშირი, უკრაინა, საქართველო - ბრალდებები, "ნიღბის ჩამოხსნა"


ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში. 2022 წლის 24 ივნისი
ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში. 2022 წლის 24 ივნისი

„საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, აშშ-სთან“, „საქართველოს ხელისუფლებამ მიაგნო გზას, აწარმოოს ანტიდასავლური პროპაგანდა, თან ფორმალურად დისტანცირებული იყოს მისგან“ - ცნობილი უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ანტიდასავლურ განწყობებსა და საქართველოს უკუსვლაზე წერს.

მოსაზრების ავტორი, გამოცემის რედაქტორი, იური პანჩენკო ყურადღებას ამახვილებს „ოცნებიდან“ წასულების მხრიდან აშშ-ის ელჩის მისამართით გახმაურებულ ღია ბრალდებებზე და ვარაუდობს, რომ მომავალი არჩევნების დროს, საქართველოში, ანტიდასავლური, აქამდე „მარგინალურად“ მიჩნეული რიტორიკა გაფართოვდება.

საერთაშორისო პარტნიორებთან დამოკიდებულების გაუარესების სახიფათო ტენდენციებზე ექსპერტები თუ პოლიტიკოსები რადიო თავისუფლებასთან უკვე თვეებია ლაპარაკობენ; ბოლო პერიოდში „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში პირდაპირ ადანაშაულებენ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონიდან მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მმართველი პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა საკუთარი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნეს, მაგრამ ხაზგასმით მიანიშნებენ, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, „ქართული ოცნების“ სათქმელიც არის.

„ნიღბის ჩამოხსნა“

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის საელჩოს „ნიღაბი ჩამოხსნეს“; ხოლო მანამდე, 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში განმარტავენ - „რატომ არ სურსქართულ ოცნებას[აშშ-ის] საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა“.

„ისინი [„ოცნებაში“] ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს, - წერია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და გურამ მაჭარაშვილის სახელით გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ავტორები იქვე აფრთხილებენ მმართველ გუნდს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს“.

დეპუტატების ოთხეულის ბოლო ორი ღია წერილი აშშ-ის ელჩის მიმართ განსაკუთრებით მწვავე და პირდაპირი ბრალდებებით არის გაჯერებული. ისინი პირდაპირ სდებენ ბრალს რევოლუციური სცენარის განვითარებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობასა და „ქართულ ოცნებაზე“ სხვადასხვა საკანონმდებლო ზეწოლაში - რაც, მთლიანობაში, მათი ლოგიკით, მეორე ფრონტის გახსნის მიზანს ემსახურება და ამაზე აშშ-ის საელჩო, თითქოსდა, უკვე 3 წელია მუშაობს.

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატების 11 აგვისტოს წერილიდან:
  • „...საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება“.
  • „საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის“.
  • „საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის“.

"გაუაზრებელი და კონსპირაციულია"

„ბრალდებები, რომლებსაც ისინი ხშირად აკეთებენ აშშ-ის წინააღმდეგ და სხვების წინააღმდეგ, გაუაზრებელი და კონსპირაციულია, არ ეყრდნობა ფაქტებს. ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ აშშ მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, სრულ პოლიტიკურ სპექტრთან და ამას ვაკეთებთ 30 წელია, - უთხრა ელჩმა დეგნანმა 17 აგვისტოს ჟურნალისტებს; ხოლო თავად ბრალმდებელთა ჯგუფზე ლაპარაკისას, მმართველი პარტიაც ახსენა:

„არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვარ დარწმუნებული, ვის წარმოადგენენ და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს“.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც, 16 აგვისტოს, ყოფილი თანაგუნდელების შეფასებებს გარკვეულწილად „გადაჭარბებული“ უწოდა, 17 აგვისტოს, ელჩის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონსპირაციის ძიება უადგილოა.

„რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის... რაც შეეხება იმას, არიან თუ არა [4 დეპუტატი] “ქართული ოცნების” წარმომადგენლები... სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომლებთან დაკავშირებითაც, მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით“, - აცხადებს სარჯველაძე.

„ოცნებიდან“ წასულებსაც თუ დარჩენილებსაც ბიძინა ივანიშვილის გეგმის შემსრულებლებად განიხილავს ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე, რომელიც 2016 წლამდე „ქართული ოცნების“ კოალიციური ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

„ჩემთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილი... მის გარეშე ეს ადამიანები არავინ არიან. რა ამბოხებულები, რა კვარტეტი, რა სისულელეა... ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში, რადგან რუსეთის მართვის სისტემა უფრო მისაღებია მისთვის... და მეორე, დროს იგებს და ევაჭრება დასავლეთს ამ ადამიანების პირით და კიდევ რაღაცეები არ ვიცით, ალბათ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს კულუარული გადაადგილებები და სვლები“, - ამბობს მიროტაძე.

ის ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდება, თავი აარიდოს რეალური რეფორმების გატარებას, „რადგან ეს მის ძალაუფლებას შეუქმნის რეალურ საფრთხეს“.

„ქართული ოცნება“ აღიარებს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მაღალ ავტორიტეტს, და ყოველ ჯერზე, როცა მას ოლიგარქად მოიხსენიებენ, კატეგორიულად უარყოფს, რომ ის არაფორმალურად ერევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დეკლარირებულად დასავლეთისკენ...

„ანტიდასავლური საქართველო: როგორ უპირისპირდება ოფიციალური თბილისი აშშ-სა და ევროკავშირს“ - ამ სათაურის სტატია უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა.

სტატიის ავტორი, გამოცემის რედაქტორი - იური პანჩენკო შენიშნავს, რომ მმართველი პარტიის წიაღიდან უჩვეულოდ გამოსული დეპუტატების დახმარებით, „ქართული ოცნება“ ახერხებს, ანტიდასავლურ პროპაგანდას შეუწყოს ხელი და თან, დეკლარირებულად პროდასავლური პოზიცია შეინარჩუნოს.

„ახალი სტატუსი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას - უფრო მწვავედ გააკრიტიკონ ისინი, ვინც მათი აზრით, ემუქრებიან მმართველ პარტიასა და მის დამფუძნებელს“, - წერია სტატიაში, სადაც მოთხრობილია აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მიმართული მწვავე ბრალდებების შესახებ და მოყვანილია ციტატაც, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების წერილიდან.

უკრაინულ გამოცემა ბეჭდავს ციტატას "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ 11 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილიდან:
„გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის“.

სტატიაში აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო წარსულში ანტიდასავლური ნიშა საქართველოში მარგინალურად მიიჩნეოდა“, რადგან „ევროკავშირსა და ნატოში სწრაფვას საქართველოში ხალხის თითქმის სრული მხარდაჭერა აქვს“; თუმცა ამჟამად მიმდინარე პროცესებმა, სტატიის ავტორის აზრით, „შესაძლოა შეცვალოს ეს ტენდენცია“ და საზოგადოებაში ფეხს იკიდებს არგუმენტი „ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება ომის ფასად“.

ავტორი ვარაუდობს, რომ „შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ანტიდასავლურ რიტორიკას... მოჰყვება შესაბამისი ელექტორალური შედეგები“.

„ევროპეისკაია პრავდა“ ასევე წერს:
  • „სულ უფრო ფართოვდება საფუძველი ვარაუდისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ქვეყნის შიგნით ჩასატარებელი რეფორმებით“.
  • „საეჭვოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს სტატუს-კვოს დიდხანს შენარჩუნება: დასავლური გზის მხარდაჭერის დეკლარირებითა და [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად] აუცილებელ ნაბიჯებზე უარის თქმით“.
  • „დასავლეთთან ურთიერთობების ღიად გაწყვეტის ალბათობა სულ უფრო იზრდება და მმართველი პარტია თანდათან ემზადება იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი საზოგადოებას აუხსნას“.

საქართველოს განვითარების უკუსვლისა და მაჩვენებლების გაუარესების დასტურად, სტატიაში მოყვანილია მაჩვენებლები ევროკომისიის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს აფასებს. ყურადღება გამახვილებულია, მაგალითად, ქვეთავზე - „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“:

„2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით დაწეულია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%-მდე შემცირდა“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თუ რით აიხსნება შემცირებული პროცენტული მაჩვენებელი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის 14 აგვისტოს განცხადებაზე მიგვითითა.

მედიაში გავრცელებულ, 14 აგვისტოთი დათარიღებულ კომენტარში მინისტრი ამბობს:
„ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით გვაქვს ძალიან დინამიური პროცესი. დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად ძალიან მჭიდრო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები და საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურად სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის თქმით, „ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან კონვერგენციის [შერწყმა, თავსებადობა] მაჩვენებელია. მისი შემცირება აჩვენებს, რომ, ესე იგი, პოლიტიკურად ვდისტანცირდებით ევროპისგან, რაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ჩვენს პოზიციონირებას ააშკარავებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG