რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა სამხედრო-საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელი ვიქტორ სოკოლოვი. ამის თაობაზე რუსეთის მედია იტყობინება 19 აგვისტოს.
იმის შესახებ, რომ ფლოტის სარდალი შეიცვალა, მედია ჯერ კიდევ ორი დღის წინ იუწყებოდა. მაშინ აცხადებდნენ, რომ ვიცე-ადმირალი სოკოლოვი უკვე წარუდგინეს ფლოტის სამხედრო საბჭოს წევრებს. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება დღემდე არ ყოფილა.
წყაროები ასევე აზუსტებენ, რომ სოკოლოვი მოვალეობების დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ფლოტში ხელმძღვანელობის შეცვლა გასაიდუმლოებულად განხორციელდა. როგორც „რია ნოვოსტის“ წყარო აცხადებს, ეს აიხსნება უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“. ასევე არ არის საჯარო წვდომა სოკოლოვის დანიშვნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაზე.
შავი ზღვის ფლოტი უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. ფლოტის სარდლის თანამდებობაზე სოკოლოვმა შეცვალა იგორ ოსიპოვი, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო დანიშნული.
ოსიპოვის შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია გაჩნდა მას შემდეგ, რაც აპრილში ჩაიძირა რუსეთის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“. ამ მოვლენის შემდეგ ოსიპოვი დიდხანს არ გამოჩენილა საჯაროდ.
ივლისის ბოლოს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს, სავარაუდოდ დრონმა განახორციელა დარტყმა ფლოტის შტაბზე სევასტოპოლში. ზარალი უმნიშვნელო იყო, მაგრამ ინციდენტის გამო რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა სამხედრო-საზღაო ფლოტის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები და ქალაქში ტერორისტული საფრთხის გაძლიერებული დონე გამოაცხადა.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკვა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, 2022 წლის 13 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა და პენტაგონი იტყობინებოდნენ, რომ გემს უკრაინის რაკეტები მოხვდა. რუსეთის მხარე ამას უარყოფს და აცხადებს, კრეისერი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელსაც საბრძოლო მასალის დეტონაცია მოჰყვა.
დაწერეთ კომენტარი