გაათავისუფლეს კემეროვოში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტი იტყობინება. სააგენტო TASS-ის ცნობით, არავინ დაშავებულა.
წუხელ კემეროვოს N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა 8 პატიმარმა 3 თანამშრომელი აიყვანა მძევლად.
სააგენტო РБК-ს თანახმად, პატიმრებმა შემოწმებისას საკანში ჩაკეტეს იზოლატორის სამი თანამშრომელი. ისინი რაიონულ პროკურორთან და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მოითხოვდნენ.
ტელეგრამის არხ Baza-ს თანახმად, წინასწარი დაკავების იზოლატორში სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ, მძევლებთან მოლაპარაკების დაწყების შემდეგ საპატიმროს თანამშრომლები გაათავისუფლეს - მედია იუწყება, რომ პატიმრებს იზოლატორის ორი ქალი და ერთი კაცი თანამშრომელი ჰყავდათ დატყვევებული.
ივნისის დასაწყისში წინასწარი დაკავების ამ იზოლატორში 80-ზე მეტმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი საპყრობილის თანამშრომლებს ცემაში, ასევე ერთ-ერთი პატიმრის ხელკეტით გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.
დაწერეთ კომენტარი