Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „თავდაცვის მინისტრად“ მარატ პავლოვი დაინიშნა


(შუაში) ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი, (მარჯვნივ) "თავდაცვის მინისტრი" მარატ პავლოვი
(შუაში) ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი, (მარჯვნივ) "თავდაცვის მინისტრი" მარატ პავლოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „თავდაცვის მინისტრად“ მარატ პავლოვი დანიშნა. გაგლოევმა პავლოვი დღესვე „სამინისტროს“ პირად შემადგენლობას წარუდგინა.

გაგლოევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პავლოვი დიდი ხნის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა "თავდაცვის უწყებასთან" და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ოკუპირებული რეგიონის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაში. პავლოვის ბიოგრაფია დე ფაქტო რესპუბლიკის "მთავრობას" ჯერ არ გამოუქვეყნებია.

მჯერა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში თავდაცვის სამინისტროს პოტენციალი გაიზრდება და ვითარება პრობლემების მთელი სპექტრის ნაწილში გაუმჯობესდება - თანამშრომლების ხელფასებიდან დაწყებული, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებამდე. მარატ გრიგორიევიჩს ყველა პირობა აქვს ამ საკითხების გადასაჭრელად. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მას. მჯერა, რომ ყველა შესაძლო ცვლილება იქნება უწყებისა და ჩვენი ხალხის სასარგებლოდ“, - განაცხადა გაგლოევმა.

გამოცხადებული ნდობისთვის მარატ პავლოვმა ალან გაგლოევს მადლობა გადაუხადა.

მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ცვლილებები ხდება და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო არ უნდა ჩამორჩეს. მთავარ ძალისხმევას ეროვნული პერსონალის მომზადებასა და საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებაზე მივმართავთ. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის დონის ამაღლებას დაეთმობა. წელს დაგეგმილია სამხედრო მოსამსახურეთა და თავდაცვის უწყების თანამშრომლების ფულადი შემწეობის ინდექსაციაც“, - განაცხადა მან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას და თანამდებობიდან გაათავისუფლა დე ფაქტო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, „თავდაცვის მინისტრის“ პირველი მოადგილე ვიქტორ ფიოდოროვი.

მანამდე ალან გაგლოევმა „თავდაცვის მინისტრი“ და მისი მოადგილე გაათავისუფლა, რაც უწყების თანამშრომლების მიერ ცხინვალის მკვიდრის ცემით იყო გამოწვეული.

ამასთან „პროკურატურამ“ "თავდაცვის სამინისტროს" ტერიტორიაზე ობიექტების მშენებლობისას თანხების გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG