Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატუსი და პირობები უკრაინას და მოლდოვას, პირობები და შემდეგ სტატუსი საქართველოს - ასეთია ევროკომისიის  წინასწარი შეთანხმება  


ბრიუსელი. ევროკომისიის შტაბ-ბინა
ბრიუსელი. ევროკომისიის შტაბ-ბინა

უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის რეკომენდაციაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტს​, რიკარდ იოზვიაკს, ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ წინასწარი შეთანხმებით, შეფასებაში, რომელსაც ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს, საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

იოზვიაკის ცნობით, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებთან ერთად. საქართველო კი, ახლა მიიღებს პირობებს და მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს. ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ.

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, 28 თებერვალს, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა. დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ევროპარლამენტმა მხარი სპეციალური რეზოლუციებით დაუჭირა.

17 ივნისს ევროკომისიის სარეკომენდაციო მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტილებას სამი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სამიტზე გამოაცხადებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG