Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ პროცესის დაწყებამდე პატიმრობიდან გათავისუფლა ეკატერინბურგის ყოფილი მერი


ევგენი როიზმანი, ეკატერინბურგის ყოფილი მერი
ევგენი როიზმანი, ეკატერინბურგის ყოფილი მერი

რუსეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ეკატერინბურგის ყოფილი მერი ევგენი როიზმანი, თუმცა მას სასამართლოსწინა შეზღუდვის ფორმით უბრძანა, არავისთან ჰქონდეს ურთიერთობა ნებართვის გარეშე. როიზმანი, რომელიც კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსია, პოლიციამ ერთი დღით ადრე დააკავა.

როიზმანს ეხება "შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის" ბრალდება. ეკატერინბურგის სასამართლომ მას 25 აგვისტოს უბრძანა, არ გამოიყენოს ინტერნეტი, ტელეფონები ან იმეილი და არ დაესწროს საჯარო თავშეყრის ღონისძიებებს. მას მხოლოდ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან აქვს კომუნიკაციის უფლება.

სასამართლომ უარყო პროკურატურის თხოვნა, როიზმანს ბინის დატოვების საშუალება დღეში ერთხელ მისცემოდა, ერთი წუთის ხანგრძლივობით, შუაღამის დადგომამდე.

როიზმანმა, რომელმაც მერის პოსტზე გამარჯვება მოიპოვა 2012 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა სასამართლოზე 25 აგვისტოს.

მანამდე ეკატერინბურგის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მის გარშემო მიმდინარეობდა გამოძიება "რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის", რაც ხუთ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებას ფართოდ იყენებს საიმისოდ, რომ გააჩუმოს უკრაინაში შეჭრის კრიტიკოსები.

როიზმანი - ქარიზმატული და ზოგჯერ სკანდალური საჯარო ფიგურა - რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქის მერი იყო 2013-დან 2018 წლამდე, ანუ იმ დრომდე, როცა ხელისუფლებამ შეწყვიტა მერების პირდაპირი არჩევის პრაქტიკა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ როიზმანს ბევრი მომხრე გამოუჩნდა ავადმყოფი ბავშვებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის წარმოებისას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ როიზმანი ხმამაღლა გამოდიოდა ხელისუფლების კრიტიკით და სამჯერ იქნა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული რუსეთის არმიის "დისკრედიტირებისთვის".

შეჭრიდან მალევე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს შეიარაღებული ძალებისა თუ უკრაინაში ომის წარმოების კრიტიკისთვის - ომის, რომელსაც კრემლი "საგანგებო სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

სადამკვირვებლო უფლებადამცველი ჯგუფის, OVD-Info-ის ინფორმაციით, მარტიდან აგვისტომდე პერიოდში არმიის "დისკრედიტაციის" ბრალდება შეეხო 3800-ზე მე ადამიანს.

XS
SM
MD
LG