რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იტყობინება, რომ ის კვლავ აღმოჩნდა სადამსჯელო საკანში. ინფორმაცია გაჩნდა პოლიტიკოსის სოცქსელებში. ნავალნიკოლონიაში იხდის პატიმრობას ვლადიმირის ოლქში.
სამშაბათს გამოჩენილ ცნობაში ნავალნი ამბობს, რომ ის კვირას გამოუშვეს სადამსჯელო საკნიდან, მაგრამ ორშაბათს კვლავ ჩასვეს.
მისი თქმით, საქმე ისაა, რომ „პატიმრისთვის ის პოლიტიკურად ძალზე აქტიურია“, დიდ გაღიზიანებას იწვევს ჩემ მიერ შექმნილი პატიმართა პროფკავშირებიო, წერს ის. პოლიტიკოსის სიტყვებით, კრემლის განსაკუთრებულ რისხვას იმსახურებს „6000-ის სია“, რომელშიც, ნავალნის თანახმად, შედიან ოლიგარქები, კორუფციონერები და უკრაინაში ომის გამჩაღებლები.
„სიმართლისა და დამოუკიდებლობისთვის საფასურის გადახდაა საჭირო და მე ჩემს წილს ვიხდი. და მე აქ სხვაზე უარესად არ ვგრძნობ თავს, აქ ბომბები არ მეცემა. მძულს ეს ომი და მე და კოლეგები ფბკ-ში (კორუფციასთან ბრძოლის ფონდი - რედ.) ვცდილობთ, რამე მაინც გავაკეთოთ, რათა მოვაახლოოთ მისი დასასრული,“ აღნიშნავს ნავალნი.
24 აგვისტოს ნავალნი ხუთი დღით მოათავსეს სადამსჯელო საკანში იმის გამო, რომ მან დროულად არ შეასრულა ბადრაგის ბრძანება „ხელები ზურგს უკან!“. ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს „ბადრაგირების წესების დარღვევა“. მანამდე ოპოზიციონერი პირველად 15 აგვისტოს მოათავსეს სადამსჯელო საკანში. ნავალნის თქმით, ამის ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ მას პერანგი უჭერდა და ზედა ღილი გაიხსნა.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როცა ის რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა 2020 წლის აგვისტოში რუსეთში მოწამვლის შემდეგ. ნავალნის თქმით, მისი მოწამვლის უკან კრემლი და პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგანან. თავდაპირველად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ძველ საქმესთან დაკავშირებით ჩასვეს საერთო რეჟიმის კოლონიაში, მოგვიანებით კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მომხრეთა შეწირულებებთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით და ის ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში განაწესეს. ნავალნი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მის შეფასებას ეთანხმებიან უფლებადამცველები.
დაწერეთ კომენტარი