სანამ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის სტატუსი არაა განსაზღვრული, სომხეთის პრემიერ- მინისტრს ნოკოლ ფაშიანიანს უადგილოდ მიაჩნია განცხადებები, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულია.ამის შესახებ ნათქვამია ფაშინიანის მიმართვაში, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში ნორმალური საცხოვრებელი პირობების, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად დახმარებას გააგრძელებს.
„31 წლის წინ ამ დღეს, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის და შაუმიანის რეგიონის ყველა დონის დეპუტატების საერთო კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შესახებ თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის გზით. დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებას მოჰყვა 1991 წლის 10 დეკემბრის რეფერენდუმი, არცახის (ყარაბაღის) პირველი ომი, 4-დღიანი ომი და 44-დღიანი ომი. უცვლელად დარჩა ფაქტი, რომ ჩვენი თანამემამულეები მთიან ყარაბაღი ან მის ნაწილში ცხოვრებას აგრძელებენ და მათ აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ ის სადაც მათი აკვანი დაირწა, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები. ფაქტობრივად, ამაში მდგომარეობს მთიანი ყარაბაღის პრობლემის არსი“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, „ყველა განცხადება მთიანი ყარაბაღის, ტერიტორიული ერთეულის არარსებობისა და მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის შესახებ, უადგილოა, სანამ არცახელი (ყარაბაღელი) სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხები არ გადაწყდება და, შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის სტატუსიც“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უკვე მოგვარებულია და ამ საკითხზე მოლაპარაკებების საჭიროება არ არის.
ამასთან ალიევი აცხადებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფს არანაირი როლი არ მიუღია კონფლიქტის მოგვარებაში და ბაქო შეაჩერებს მინსკის ჯგუფის მცდელობებს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.