Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ხსნის რუსეთიდან ვის ანიჭებს საქართველოს მოქალქეობას


საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტო. მისი განმარტებით, რუსეთის 728-ვე მოქალაქე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ, წარმოშობით საქართველოდან არიან.

„პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.

სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, - აცხადებს სერვისების განვითარების სააგენტო.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევით, 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8 464 პირიდან 72% რუსეთის მოქალაქე იყო.

მათგან 8 382 ადამიანს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დიდ ნაწილს საქართველოსთან კავშირი აქვს, ან წარსულში ჰქონდა. კვლევის ავტორი გოგა თუშურაშვილი "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ ზუსტად რამდენი პირია დაკავშირებული საქართველოსთან, ეს მაჩვენებელი სააგენტომ არ მიაწოდათ.

"საგამონაკლისო წესით მას მიენიჭება მოქალაქეობა ვისზეც არსებობს სახელმწიფო ინტერესი, გარკვეულწილად, ეს ინტერესი შეიძლება იყოს, მაგალითად, ქართველი წინაპარი, რომელიც ემიგრაციაში წავიდა", - ამბობს ის.

IDFI კვლევაში ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 7 თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საგამონაკლისო წესით, რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

ამას გარდა, ორგანიზაციის მოპოვებული მონაცემებით, ამ პერიოდში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტმა, 428 უკრაინის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მას მოსდევს 404 სომხეთის მოქალაქე და 330 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები დარეგულირებულია "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონით. კანონის მიხედვით, არსებობს ხუთი წესი, რომელთა მიხედვითაც უცხოელს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესით, აღდგენის წესითა და სპეციალური წესით.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განცხადებებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დადებით რეკომენდაციებს სააგენტო საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG