მინიმუმ 70 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შაბათს პრაღაში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში, იტყობინება ჩეხეთის პოლიცია. მონაწილეებმა მოითხოვეს მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, ჩეხეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და შეთანხმებების ხელმოწერა იაფი გაზის შესაძენად, კერძოდ, რუსეთისგან.
აქცია სახელწოდებით „ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა“, რომელიც ვაცლავის მოედანზე გაიმართა, ტარდება ევროკავშირის, ნატოსა და უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ მოწოდებებით. მონაწილეები ითხოვენ, შეიზღუდოს უკრაინიდან ლტოლვილთა მიღება, გამოცხადდეს ნეიტრალიტეტი და ჩამოყალიბდეს „ჩეხური და არა ბრიუსელის ან უკრაინული“ მთავრობა, იტყობინება ჩეხეთის პრესა.
მთავრობას აკრიტიკებენ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და მაღალი ინფლაციისთვის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მიტინგის ორგანიზატორები არიან პრორუსული ორგანიზაციები, რომლებიც ჩეხეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.
პარასკევს ოპოზიციამ პარლამენტში ვერ მოახერხა ჩეხეთის მთავრობის გადაყენება უნდობლობის ვოტუმის თაობაზე კენჭისყრისას. დებატები და კენჭისყრა 22 საათს გაგრძელდა. კაბინეტის გადადგომას მხარი დაუჭირა 200 დეპუტატიდან 84-მა. საჭირო იყო 101 ხმა. სამთავრობო კოალიცია პარლამენტში ხმების უმრავლესობას აკონტროლებს.
ევროკავშირის ფარგლებში ჩეხეთი მოსკოვის მიმართ მკაცრ კურსს უჭერს მხარს. ქვეყნიდან გააძევეს რუსეთის დიპლომატების უდიდესი ნაწილი, პრაღა მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს, რუსეთის მოქალაქეებს შეუწყვიტა უმეტესი სახის ვიზის გაცემა და შეიზღუდა უმაღლეს სასწავლებლებში რუსი სტუდენტების სწავლა.
დაწერეთ კომენტარი