Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის, გერმანია ელექტროენერგიით მოამარაგოს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, რომელიც გერმანიას სტუმრობს, განაცხადა, რომ კიევი მზად არის, გერმანია ელექტროენერგიით მოამარაგოს, რათა ევროპის უდიდეს ეკონომიკას დაეხმაროს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში.

„ამჟამად უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს მოლდოვაში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში. მაგრამ სავსებით მზად ვართ, გერმანიაზეც გავავრცელოთ ჩვენი ექსპორტი,“ უთხრა შმიჰალმა გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს.

„უკრაინაში ელექტროენერგია საკმარისად მოგვეპოვება ჩვენი ატომური ელექტროსადგურების წყალობით,“ თქვა შმიჰალმა.

უკრაინას ჩვეულებრივზე უფრო მეტი ჭარბი ელექტროენერგია მოეპოვება. ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, ვინაიდან მრავალმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ეკონომიკა კი შენელდა.

კვირისთვის დაგეგმილია შმიჰალის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლთან.

XS
SM
MD
LG