Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომის კონტექსტი ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე


ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი

როგორ, შენ არ იცი ქართული? ელემენტარული სიტყვებიც არ იცი? - ალა ჩურიკოვას, ნიქოზელი ბავშვები, ამ კითხვებს ყოველ წელს უსვამენ. მის ბლოკნოტში კი ქართული სიტყვების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

„ხელოვნების სკოლის ბავშვები იმხელა სიყვარულს გამოხატავენ, შეუძლებელია აქაურობა დაგავიწყდეს. ხოდა ჩვენც ვიღებთ ეგოისტურად ამ სითბოს, მიგვაქვს და მერე ჩვენს ცივ ქვეყნებში ვთბებით. მე აქ 2019 წელს ქვიშის ანიმაციის მასტერკლასი ჩავატარე. მერე იყო ორწლიანი პანდემია და აი, ისევ შევიკრიბეთ. ჩემი ბლოკნოტი კი ინგლისურად დაწერილი ქართული სიტყვებით ივსება. აქ ძალიან დიდი სითბოა. ეს არის უნიკალური ფესტივალი“.

ნიქოზზე შეყვარებული რეჟისორი

რეჟისორი ალა ჩურიკოვა, მთელი ფესტივალის განმავლობაში, ეკლესიის გვერდით, ერთ პატარა სახლში ცხოვრობს. მან უარი თქვა სასტუმროზე, უნდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ნიქოზში, სადაც ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეათედ იმართება. ალა უკრაინელია, ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ის ნიქოზში პირველად 2012 წელს ჩავიდა და ომის ნაკვალევი ნახა. მაშინვე გადაწყვიტა, რომ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა. ფილმი გამოვიდა. ალა ახლა ყველაზე მეტად უკრაინაზე ფიქრობს, მაგრამ სამშობლოს შესახებ ფილმის გადაღება ჯერჯერობით შეუძლებელია.

ალა ჩურიკოვა ნიქოზის ფესტივალზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

„მაშინ, მე ჩემს ქმარს აეროპორტშივე ვუთხარი, ახლა რომ გავჩუმდე, ალბათ შიგნიდან გავსკდები. მე მინდა გადავიღო ფილმი ნიქოზზე, 2008 წლის ომზე, იმიტომ რომ მის შესახებ ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ. ახლა პარალელს ვავლებ უკრაინის ომთან. მე ხომ უკრაინელი ვარ და მიმაჩნია, რომ მაშინ (2008-ში) ან უფრო ადრე მსოფლიო საზოგადოების ყურადღება რომ ყოფილიყო ამ ტრაგედიის მიმართ, იქნებ ეს უკრაინაში აღარ მომხდარიყო. ახლა იმ ადამიანების, ვინც შემოქმედებას და ხელოვნებას აკეთებს, ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკონ ამაზე. ამას არავინ არ უნდა შეეგუოს. ყველა მხრიდან უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - გვეუბნება რეჟისორი ალა ჩურიკოვა.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალის ბანერი
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალის ბანერი

ფესტივალი არამარტო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის

ორწლიანი, კორონაპანდემიური პაუზის შემდეგ, ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში ისევ გაიმართა. ფესტივალი ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) მეგობრებთან ერთად დააარსა. საერო ცხოვრებაში ისაია თვითონ იყო ანიმატორი და ამ პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალი დაეფუძნებინა და ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლა შეექმნა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ნახევრად დანგრეულ სოფელში ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტა და ეს საქმე დღემდე წარმატებით გრძელდება. ცხინვალიდან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ ნიქოზში, საეპარქიო ტაძრის გვერდით, ძველი სასახლე ავიაციით დაბომბვისას მთლიანად დაინგრა. მოგვიანებით, აღადგინეს და ახლა ფილმების ჩვენება სწორედ იქ მიმდინარეობს.

მიტროპოლიტი ისაია ნიქოზის ფესტივალზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

კარი ყველასთვის ღიაა, ადამიანებთან ერთად დარბაზში ძაღლებიც თავისუფლად შედიან. ხანდახან ყეფას იწყებენ, მაგრამ პირველ რიგში მჯდომი მიტროპოლიტი ორი სიტყვით დაუყვავებს და ოთხფეხა მეგობრებიც ადამიანებივით აგრძელებენ ფილმების ცქერას. ანიმაციის დიდი ნაწილიც ხომ სწორედ ცხოველების შესახებაა შექმნილი. ანიმაციური ფილმის, ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი, სტუდია ველოსიპედის დამფუძნებელი გიორგი მარშანია ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში ფესტივალის ჩატარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

„საოკუპაციო ხაზთან ვართ. აქ მყოფ ადამიანებს სჭირდებათ ხელოვნება. ის, რომ ჩვენი საზღვარი უნდა იყოს როკის გვირაბთან და ფსოუზე, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ხელოვნებაა. ამ მისიას ეს ფესტივალი ატარებს და ხარისხობრივადაც ძალიან მაღალი დონის ფესტივალია. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან პროფესიონალები და არა მხოლოდ დარგის განვითარებას, არამედ საქვეყნო საქმეს აკეთებს ეს ფესტივალი“.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი

ნიქოზში, როგორც სახლში

რეჟისორ-ანიმატორ ირინა კოტიუკოვას, ნიქოზი წელიწადში ერთხელ აღარ ჰყოფნის, ის ფესტივალის მიღმაც ჩადის სოფელში და სტუმრობს ხელოვნების სკოლას, სადაც ნიქოზელი და მეზობელი სოფლების ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეუფლებიან.

„მე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ფესტივალის და ნიქოზის გარეშე. აქაურობას რომ ვუახლოვდები, ვხვდები, რომ სახლში ვარ. ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ადამიანები. ჩემთვის წელიწადში ერთხელ ცოტაა ნიქოზი და ფესტივალის გარეშეც ჩამოვდივარ ხოლმე. მე ის მაკვირვებს, რომ ეს ფესტივალი ათი წლის განმავლობაში ასეთ სიმაღლეზე ავიდა, ეს ხომ მსოფლიოში არც ისე პოპულარული ადგილია, აქ ხომ ომი იყო. ჩვენ ბელარუსში კარგად ვიცით რა არის სისასტიკე, რა არის წინააღმდეგობა. ვიცით და გვესმის და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ადამიანური კავშირები და როცა აქ , ამ სამოთხეში ვიმყოფებით, გარშემო ბავშვები, ძაღლები, ურთიერთობები, შესანიშნავი ადამიანები და გარშემო მთელი საქართველო და აქედან უკეთესად ვგრძნობთ, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ახლა რა ხდება. და თითქოს ჩვენ აქ სამოთხის ნაწილში ვიმყოფებით“.

ანიმაციური ფილმების ფესტივალის მასშტაბი

ყოველწლიურად ფესტივალი მასშტაბებს აფართოებს. ქართული ფილმების გარდა, ნიქოზის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ესტონეთის, ხორვატიის, უკრაინის, ინდოეთის, არგენტინის, ბულგარეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, ბელგიის, ლატვიის, ირანის, ლიეტუვის, ესტონეთის, იაპონიის, ნიდერლანდების, რუმინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, პოლონეთისა და ბელარუსის ანიმატორთა ნამუშევრები. მასშტაბის და პოპულარობის ზრდა ნიქოზ-ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) დამსახურებაა. მისი ინიციატივით დაარსდა 2010 წელს, ომიდან ორი წლის შემდეგ, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. ადგილობრივი ბავშვებისთვის არანაკლებ დიდ საქმეს, ნიქოზის ხელოვნების სკოლა აკეთებს, მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) ამბობს, რომ ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მოქმედება არ უნდა შეწყვიტოს.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი

„ადამიანი როცა ხარ ცოცხალი და გიდგია სული, რაღაც უნდა აკეთო. არ შეიძლება ადამიანმა ხელები ჩამოუშვას. ჩვენ 2008 წლის ომის მერე და მანამდეც, რაც შეგვეძლო იმას ვაკეთებდით. მე ჩემი მხრიდან, ის რაც ჩემი ხელიდან შეიძლება გაკეთდეს, ღმერთი შეგვეწევა ხოლმე. ნგრევა საშინელებაა. არავის ვუსურვებთ ომს და ღმერთმა ქნას, რომ უკრაინაში დამთავრდეს ეს უბედურება, რომელიც ტრიალებს და კარგად დამთავრდეს, ამას ვისურვებდი. მაგრამ რაღაცნაირად, იმ ვითარებაში, რომელშიც ხარ, უნდა აკეთო ის, რაც შეგიძლია და მერე ეს კარგ ნაყოფს გამოიღებს ხოლმე“.

ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში მომავალი წლის სექტემბრის დასაწყისში კვლავ გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG