Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე აღიარებს, რომ საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა


მიხაილ სოკოლოვი და რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი
მიხაილ სოკოლოვი და რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე აღიარებს, რომ „ეფესბემ“ საქართველოში ჯაშუშური მისიით გაგზავნა, იტყობინება CNN.

„მათ ეგონათ, რომ ქართული უშიშროების სამსახური [რუსული] ოპოზიციის წევრების რეკრუტირებას ეწეოდა, ამერიკული CIA-ს ხელმძღვანელობით“, - ციტირებს CNN მიხაილ სოკოლოვს, რომელიც ახლა თავშესაფარს ითხოვს ნიდერლანდებში.

სოკოლოვი ამბობს, რომ „ეფესბეს“ თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ დაინახა.

სოკოლოვი CNN-თან ამბობს, რომ „ჩვეულებრივი 19 წლის სტუდენტი“ იყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც პირველად ჩაერთო პოლიტიკურ აქტივიზმში, შეუერთდა რუსეთის კომუნისტურ პარტიას. ის, ასევე, ჩართული იყო ანტიკორუფციულ აქტივიზმში.

სოკოლოვი ამბობს, რომ თავი აარიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რის გამოც „ეფესბემ“ მიზანში ამოიღო და ორი არჩევანი მისცა: „დათანხმდი თანამშრომლობას ან წადი ციხეში ორი წლით“. სოკოლოვის თქმით, ციხის ეშინოდა, ამიტომ დათანხმდა თანამშრომლობას.

2017 წლიდან, როგორც სოკოლოვი ამბობს CNN-თან, მან დაიწყო მუშაობა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ კამპანიაში და აწვდიდა მნიშვნელოვან ინფორმაციას „ეფესბეს“.

ოპოზიციაზე კრემლის გაძლიერებული წნეხის შემდეგ, სოკოლოვი ამბობს, რომ გაგზავნეს საქართველოში, სადაც რუსეთში რეპრესიებს გაქცეული ემიგრანტების რიცხვი იზრდებოდა.

„თუ მათ სიტყვებს დავუჯერებთ, ნამდვილად ფიქრობენ, რომ CIA ცდილობს ხელი შეუწყოს რევოლუციას რუსეთში და რომ ნავალნი არის CIA-ს აგენტი“, - ამბობს.

სოკოლოვის თქმით, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აიძულა, დაეძლია თავისი შიშები და ზურგი ექცია „ეფესბესთვის“.

CNN-ის ცნობით, რუსულმა „ეფესბე“ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა, ამერიკულმა CIA-მ კი კომენტარზე უარი თქვა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსი აგენტი აღიარებს, რომ საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. მანამდე, 20 წლის ვსევლოდ ოსიპოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა თავისი საქმიანობის შესახებ.

XS
SM
MD
LG