Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი მოჭადრაკეების დისკრიმინაცია თუ დებულების ხარვეზი - რა მოხდა "ბათუმის მერიის თასის" ტურნირზე 


საქართველოში, სადაც საჭადრაკო ისტორიაში ქალები მთავარ როლს თამაშობენ, გასულ კვირას ამ სფეროში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე დაიწყეს საუბარი.

სოციალურ ქსელში დისკუსია და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს (22 აგვისტო - 2 სექტემბერი) და ქალებისთვის დაწესებულ საპრიზო ფონდს. უფრო კონკრეტულად, დებულებას, სადაც ეწერა, რომ პირველ ადგილზე გასული მამაკაცისთვის გამოყოფილი ჯილდო 1700 ლარია, ქალისთვის კი იმავე წარმატებისთვის თითქმის ორჯერ ნაკლები - 900 ლარი, მეორე ადგილზე კაცისთვის - 1300, ქალისთვის კი - 600 ლარი. და ასე ყველა ადგილისთვის.

როგორც კი დებულება სოციალურ ქსელებში გავრცელდა, დისკუსიაც დაიწყო. პარალელურად, საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულმა ქალმა მონაწილემ ფეისბუკში ტურნირში პრიზების განაწილების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. 17 წლის მოჭადრაკე, თამუნა ესაძე, წერდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ და ღია ტურნირში გამარჯვების მიუხედავად, ქალების კატეგორიისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო მისცეს. ღია ტურნირში ქალებიც და კაცებიც მონაწილეობენ. მეორე ადგილზე გასულმა თამუნა ესაძემ აჯობა ქალებსაც და კაცებსაც, რაც იშვითად ხდება.

მოჭადრაკე თამუნა ესაძე
მოჭადრაკე თამუნა ესაძე

„გამარჯობა მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის შესახებ რაც გადამხდა ბათუმის მერიის თასის 2022 წლის ტურნირზე.

მთლიანი ღია ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე (სადაც პრიზი იყო 1 300 ლარი) და დამაჯილდოვეს როგორც ქალთა პირველ ადგილზე გასული (პრიზი 900 ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე) მეკუთვნოდა რომ დავჯილდოებულიყავი როგორც მთლიანი ტურნირის მეორე ადგილოსანი.

როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა.

გთხოვთ მითხარით რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ? რომ ოფიციალურ დოკუმენტს (რისი გაცნობის შემდეგაც იღებ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღო მონაწილეობა თუ არა ტურნირში) ცვლიან უბრალოდ სიტყვიერი გამოცხადებით?“ - წერდა ჩემპიონი მოჭადრაკე.

თამუნამ მომდევნო დღეს პოსტი წაშალა და დაწერა, რომ საკითხი ამოწურულია და პრეტენზია აღარ აქვს.

ხარვეზი რომ გამოსწორდა, ფეისბუკზე დაწერა ტურნირის ორგანიზატორმა, მთავარმა მსაჯმა და „საჭადრაკო კლუბ ნონას“ მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემაც.

„ძვირფასო მეგობრებო, ორგანიზატორების სახელით მოგახსენებთ, რომ ამ დღეებში ვმუშაობდით ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ მომენტისთვის ყველა საპრიზო ადგილზე გასულს მიღებული ან/და გადარიცხული აქვს მოპოვებული ჯილდოს კუთვნილი სხვაობა, არც ქალთა და არც მამაკაცთა უფლებები ოდნავადაც არ არის დარღვეული. ამრიგად, დღეისათვის ორგანიზატორებს სრულად აქვთ შესრულებული ტურნირის დებულებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია კავშირში არაა მომხდართან“, - წერდა მარიკა ჯაფარიძე.

რადგანაც დებულება ჭადრაკის ფედერაციას ჰქონდა დამტკიცებული, გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მთავარი კითხვების ადრესატი ფედერაცია გახდა.

პროცედურულად ასე ხდება: საჭადრაკო ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზატორები ადგენენ დებულებებს, უგზავნიან ფედერაციას და ის ხელმოწერით ადასტურებს დოკუმენტს.

რადიო თავისუფლებას ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ნიკოლაძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის საჭადრაკო ფესტივალის დებულებას არასწორი ინტერპრეტაცია და განწყობები მოჰყვა.

სოფიო ნიკოლაძე - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
სოფიო ნიკოლაძე - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

„[საქართველოში] ქალების უფლებები კი არ ირღვევა, პირიქით, კაცები არიან ხოლმე დაჩაგრულ პოზიციაში, რადგან რეალურად სადაც წერია კაცები, იქ იგულისხმება [ხოლმე], რომ მონაწილეობის მიღება და გამარჯვება შეუძლია ქალსაც, ეს არის ღია ტურნირი და თუკი ქალი აჯობებს ყველა მონაწილეს, ის აიღებს იმ პრიზს, რაც არის განკუთვნილი კაცებისთვის, ამასთან ერთად არის ცალკე ქალების პრიზი, რადგან ხშირად ისე ხდება, რომ რეიტინგით ქალები ვერ სჯობნიან მამაკაცებს და ამიტომ ქალები პრიზის გარეშე რომ არ დარჩნენ, გამოყოფილია ცალკე საპრიზო ფონდი [ქალებისთვის].

ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ასეა, მაგრამ გარეშე თვალით რომ წაიკითხო დებულება, მართლაც ჩნდება კითხვები და ცუდად აღსაქმელია. ამიტომ, სამუშაო გვაქვს ამაზე, აჯობებს სატურნირო ფონდის განაწილებისას გრაფა - “ვაჟები” შევცვალოთ [სიტყვით] “ღია” - როგორც ეს საერთაშორისო ტურნირებში დამკვიდრდა ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც აქტიურად წამოიწია ქალების უფლებების დაცვის საკითხმა“.

ფიდეს ფედერაციის რეიტინგ-ოფიცერი ვარლამ ვეფხვიშვილი რადიო თავისუფლებასთან არა ქალების, არამედ პირიქით კაცების დისკრიმინაციაზე საუბრობს: „ქალების მოთხოვნებმა შეჭამა ჩვენი, კაცების ჭადრაკი“, - ამბობს ის, და მაგალითად ის მოჰყავს, რომ ქალების ჭადრაკს საქართველოში მეტი დაფინანსება აქვს.

ფედერაციის ახსნით, ქალებმა თავიანთი წარმატებებით დაიმსახურეს ფედერაციის მეტი მხარდაჭერა, რადგანაც ქართველი ქალი მოჭადრაკეები, კაცებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ტურნირებიდან საპრიზო ადგილებით ბრუნდებიან.

ვარლამ ვეფხვიშვილი ამბობს, რომ გაუგებრობა ბათუმის მერიის თასის ტურნირის ზერელედ შედგენილმა დებულებამ გამოიწვია.

„სადავო ის კი არაა, ვითომ ქალებმა რატომ მიიღეს ცოტა, არა. ქალებს, სენიორებს (ვეტერანებს), ბავშვებს, მუდამ დამატებითი პრივილეგიები აქვთ. მაგალითად, ტურნირში იბრძვის საპრიზო ხუთეულზე აბსოლუტურად ყველა. ვინც საპრიზო ხუთეულში ვერ მოხვდება, მაშინ გადის სხვადასხვა ნომინაციაშიც და რომლიდანაც მეტი ერგება პრიზად, ის უნდა მიიღოს, ერთი უმაღლესი.

აქ საკითხი დგას ბათუმში სერიოზულ კაზუსზე…

[დებულებაში საპრიზო ადგილას] არ უნდა დაეწერათ სიტყვა “ვაჟებში”, არამედ უნდა ყოფილიყო სიტყვა “ღია”. სიტყვა “ვაჟებმა” ქალს და გოგოს წაართვა პრიზის მიღების შანსი...

ესაძე გავიდა ძირითადში [ითამაშა ქალებთანაც და კაცებთანაც - რ.თ.] მეორეზე და ერგებოდა 1300 ლარი, არა მასზე მცირე ქალთა პირველი პრიზი 900 ლარი.

ამან სულ არია ყველა ნომინაციაში მომდევნოების ბედი. ტურნირის დაწყებამდე 1 თვით ადრე გავუმახვილე ყურადღება მარიკას [ჯაფარიძეს] მაგ კაზუსებზე ყველა ნომინაციაში. ახლა ოლიმპიადაზე მივდივარ, დებულება დარიგებულია და ვეღარ შევცვლიო. ვერ შეცვლი და მთელი რიგი პრეტენზიები იქნება-მეთქი მერე. ყველას თავისი ჯიბიდან დაუმატა სხვაობები, მგონი 1500-ზე მეტი. ვისზეც შეცდომით გასცა ტყუილად, იმათ აღარ მოსთხოვა უკან. გასწორდა ყველაფერი“.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია კატო ფიფიას, მან იცის როგორია მიდგომა ქალების მიმართ მსოფლიო საჭადრაკო ტურნირებზე და საქართველოში.

კატო ფიფია საქართველოს ჩემპიონია ჭადრაკში 20 წლამდე გოგონათა შორის, მანამდე კი 2020 წლის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულიც იყო 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის და არაერთ საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობისა და გამარჯვების გამოცდილება აქვს.

ამბობს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საჭადრაკო ტურნირებზე არ არის და „ბათუმის მერიის თასზე“ მომხდარი შემთხვევა იყო ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა.

„ზოგადად ქალის და მამაკაცის პრიზს არ ყოფენ, არის “ღია” და ქალის პრიზი, რადგან მეტწილად ქალი ვერ გადის ხოლმე საპრიზო ადგილებზე და ცალკე საპრიზო ადგილს გამოყოფენ ხოლმე“, - გვიხსნის იგი.

მოჭადრაკე - კატო ფიფია
please wait

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე სამწუხარო შეცდომა მოხდა, რომელიც გამოსწორდა და ამ გამოცდილებას სამომავლოდ გაითვალისწინებენ.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG