პარლამენტში დახურულ ფორმატში გრძელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა. საჯარო იყო გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დეპუტატების შეკითხვებს ის დახურულ ფორმატში პასუხობს.
სხდომის დახურვას არ დაეთანხმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია". ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კითხვები ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან.
„ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსებობა არის უმძიმესი პრობლემა, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს რეალურად ფარულ თვალთვალს, მიყურადებას პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე, უცხო ქვეყნის დიპლომატებზე, ეს არის უმძიმესი გამოწვევა ქვეყნის დემოკრატიისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ფარული მიყურადება არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ანგარიშებში, ასევე ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იმ კრებსებში, რომელიც გავრცელდა, ძალიან რეალურად არის ასახული, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებში სუს-ის ჩართულობა. სუს-ი პირდაპირ არის ჩართული იმაში, თუ როგორ დაარბიონ, როგორ სცემონ და იძალადონ ადამიანებზე. ამიტომ, მე და ჩემს ფრაქციას ჰქონდა კონკრეტული კითხვები, ეს კითხვები ეხებოდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რაც საზოგადოებას საჯაროდ უნდა მოესმინა სუს-ის უფროსისგან, ეს კითხვები ეხება ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, კორუფციის ფაქტებს, რომელიც არ არის გამოძიებული. მაგალითად, ჩემს შესახებ განხორციელებული ფარული თვალთვალი, მიყურადება გამოძიებული არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას ეს პასუხები საჯაროდ მოესმინა და არა დახურულ ფორმატში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
სუს-ის ანგარიშის წარდგენა დღეს, 9 სექტემბერს, გაწერილი არ იყო და ის მოულოდნელად ჩაიწერა დღის წესრიგში.
დაწერეთ კომენტარი