ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურთან ახლოს სროლამ გამოიწვია ელექტროენერგიის თითქმის სრული გამორთვა, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას სადგურის უსაფრთხოების გარშემო.
როგორც რაფაელ გროსი 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, წინა ღამით ელექტოენერგიის გამორთვის შესახებ მან სააგენტოს თანამშრომლებისგან შეიტყო. სროლამ გაანადგურა ქალაქ ენერგოდარისთვის ელექტოენერგიის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის ქსელი, რასაც თითქმის მთლიანად მოჰყვა ენერგიის გამორთვა - ვკითხულობთ განცხადებაში.
გროსის შეფასებით, ადგილზე შექმნილი ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ შესაძლოა თანამშრომლებმა ვეღარ შეძლონ ზაპოროჟიეს სადგურის უსაფრთხოდ მართვა. გროსი კვლავ გამოდის მოწოდებით, რომ სროლა მთელ არეალში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გროსის თქმით, IAEA-ის აქვს ინფორმაცია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების გამო განიხილება ბოლო მომუშავე რეაქტორის გამორთვა. ამ შემთხვევაში სადგური მთლიანად დამოკიდებული იქნება დიზელის გენერატორებზე უსაფრთხოებისთვის - დასძენს გროსი.
დაწერეთ კომენტარი