Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, აშშ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის, სომხეთის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. აშშ მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო, წუხელ ნიკოლ ფაშინიანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "სომხეთის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის" გამო, სატელეფონო საუბარი შედგა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფირდს შორის.

გასულ ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან. ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

XS
SM
MD
LG