Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოღალატე? წმინდანი? იესე ფალავანდიშვილი 1832 წლამდე და მერე


მე-19 საუკუნის თბილისი
მე-19 საუკუნის თბილისი

გულისხმიერი, ბრძენი, კეთილზე კეთილი - ასე უწოდებდნენ პეჩორელები ქართველ თავადს, რომელიც მათთან მეტყევედ მუშაობდა. მის დანახვაზე ზოგი ქუდს იხდიდა, ზოგი ხელს უკოცნიდა და ზოგი ეგრევე მუხლებზე ეცემოდა. დაუჯერებელია, მაგრამ პეჩორაში ლამის წმინდანად შერაცხ ადამიანს საქართველოში სულ სხვა კუთხით იცნობდნენ, მან 1832 წლის შეთქმულება გასცა.

„გასულ 1831 წელს აგვისტოში ჩემთან მოსულმა თავადმა თეიმურაზ ამილახვაროვმა მითხრა: მე მინდა შენ გაგანდო დიდი საიდუმლოება და ვიმედოვნებ შენ ამას გულში საიდუმლოდვე შეინახავ: ჩვენ გვქონდა განზრახვა გაგვეყარა რუსები საქართველოდან“... ასე იწყება იესე ფალავანდიშვილის წერილი, რომელიც 1832 წლის 11 დეკემბერსაა დათარიღებული და რომლითაც მან ეს შეთქმულება გასცა. წერილი გრძელია. იესე ფალავანდიშვილი დეტალურად ჰყვება, ვინ და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა შეთქმულებაში, რას აპირებდნენ, სად იკრიბებოდნენ და ვის რა ევალებოდა. ამ წერილმა ჩაშალა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. შეთქმულების მონაწილეები კი გაასამართლეს და გადაასახლეს. გადაასახლეს თავად იესე ფალავანდიშვილიც, რადგან მიიჩნიეს, რომ მან შეთქმულება არა იმპერიის ერთგულების, არამედ შიშის გამო გასცა.

პეჩორის თავადი

1832 წლის 11 დეკემბრიდან მოყოლებული იესე ფალავანდიშვილის სახელი საქართველოში იუდას სინონიმი გახდა. მაგრამ მისი ამბავი აქ არ მთავრდება.

იესე მოულოდნელად ჩნდება ეთნოგრაფ სერგეი მაქსიმოვის მოგონებებში. მაქსიმოვი რუსეთში ეთნოგრაფიული მასალის შესაგროვებლად მოგზაურობდა. პეჩორისკენ მიმავალს ურჩიეს აუცილებლად მოენახულებინა იქაური თავადი, რომელიც ადგილობრივებში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

„თავადი იქაურებს მეფედ უზით, მის სიტყვას უფლის ნებად აღიარებენ“, - უთხრეს მოგზაურს.

ამ ადამიანის ქება-დიდება მაქსიმოვს ჯერ კიდევ არხანგელსკიდან ესმოდა. უკვე პეჩორაში ჩასული კი იხსენებს:

„ჩემს წინ დგას ტანმორჩილი, ცოცხალი და ენერგიული, ასე სამოც წელს მიღწეული ბერიკაცი, ციყვის ბეწვის ახალუხში ჩაცმული, ქალების მხურვალე სიყვარულის საგანი და მათი ნამდვილი კერპი. იგი თბილად და ალერსიანად იღიმება. შავი თვალები აქვს. ხშირი ულვაში და დიდი, აღმოსავლური, - უფრო ზუსტად, ქართული, - ცხვირი. სწორედ ეს არის ის იასე იოსების ძე ფალავანდოვი“.

სერგეი მაქსიმოვი თავის მოგონებებში ფალავანდიშვილს მთელ თავს უძღვის - „პეჩორის თავადი“ - ასე ჰქვია ამ ტექსტს, რომელიც ფილოლოგმა თამაზ ჯოლოგუამ თარგმნა.

ისტორიას მარტო გმირები არ ქმნიან. ისტორიისთვის მოღალატეც საინტერესოა. როდესაც მაქსიმოვი წავიკითხე, ჩემთვის სწორედ ეს იყო საინტერესო, რომ ასეთი ადამიანიც შეიძლება შეიცვალოს. ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ მან მართლაც გაიარა კათარისი, თუმცა ეს მის ცოდვას, რასაკვირველია, არ ამცირებს“, - ამბობს თამაზ ჯოლოგუა. ცოდვებზე საუბრისას კი ჰყვება, რომ იესე საკუთარი ძმის მოკვლასაც კი აპირებდა, - შეთქმულები რამდენიმე ადამიანის მოკვლას ფიქრობდნენ. მათ შორის ნიკოლოზ ფალავანდიშვილისაც, რომელიც სახელმწიფო მოხელე იყო, მნიშვნელოვანი ფიგურა. იესემ ეს საკუთარ თავზე აიღო, თქვენ ვერ მოახერხებთო. სხვადასხვა ჩვენებაში ჩანს, რომ ხან მოწამვლას უპირებდა, ხან - დახრჩობას. ამ ტექსტებს რომ კითხულობ, გიკვირს, როგორი სიამოვნებით აპირებს ძმის მკვლელობას. ეს იყო აბსოლუტურად ამორალური ადამიანი, ზნეობისგან დაცილი. ჩემთვის დღემდე აუხსნელია, თუ როგორ დაიახლოვეს ასეთი კაცი შეთქმულებმა“.

გონებაგახსნილი ყმაწვილკაცობისაჯანყება

რატომ გასცა იესე ფალავანდიშვილმა შეთქმულება? თამაზ ჯოლოგუა, რომელმაც 1832 წლის მასალები შეისწავლა, ამბობს, რომ მიზეზი შიში იყო. „ჩავარდა“ შიკრიკი, რომელსაც შეთქმულების წერილი გადაჰქონდა. ფალავანდიშვილმაც ამჯობინა, თავი ნებით გაემჟღავნებინა. რომ არა ღალატი, თამაზ ჯოლოგუა მიიჩნევს, შეთქმულება ნამდვილად მოიტანდა შედეგს, რადგან კარგად იყო ორგანიზებული.

ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე წერს, რომ მართალია, 1832 წლის პროცესებს შეთქმულების სახელით ვიცნობთ, მაგრამ რეალურად ეს იდეურ-პოლიტიკური მოძრაობა იყო, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა და მაშინდელი ქართველი საზოგადოების თითქმის ყველა მოწინავე ფენაში შეაღწია.

ძნელია დასახელება მე-19 საუკუნის პირველი მესამედის ინტელექტუალური ელიტის რომელიმე წარმომადგენლის, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყო დაკავშირებული ოცდაათიანელთა მოძრაობასთან. ოცდაათიანელთა ორგანიზაციასთან დაკავშირებით თავდაპირველად 145 კაცი დააპატიმრეს“, - ამბობს დიმიტრი შველიძე და ილია ჭავჭავაძის სიტყვებს იხსენებს: „მოძრაობამ კიდევ შეჰკრა ის ბრწყინვალე წრე გონებაგახსნილი ყმაწვილკაცობისა“.

ამორალური პიროვნებიდან სათნო მოხუცამდე

ფინეთში გადასახლება რომ „მოიხადა“, ფალავანდიშვილი პეჩორაში, სოფელ უსტ-ცილმაში გააწესეს, აქ მეტყევის ადგილი იყო თავისუფალი. მანაც ქართულად გაწყობილი ახალუხი ჩაიცვა და ტყის პატრონობას შეუდგა.

ცულს რომ ურტყადით, არ კვნესოდა? ცრემლები არ ჩამოსდიოდა? არ შეგებრალათ მაინც?“ - ტუქსავს ფალავანდიშვილი ადგილობრივს, რომელმაც ხე უნებართვოდ მოჭრა.

„ამ უბოროტო, სათნო ადამიანმა გადასახლების წლები ამოშანთა მეხსიერებიდან და თუ ვინმე თავისი გაუფრთხილებლობით ამ საკითხს შეეხება, ადგილიდან წამოვარდება, ნერვიულად ბოლთის ცემას დაიწყებს და შემდეგ ისეთ გაუსაძლის, დამთრგუნველ მელანქოლიას მიეცემა, იფიქრებ, ამ ადამიანს სიცოცხლის ნიშანწყალი აქვს დაკარგულიო“.
სერგეი მაქსიმოვი

მე-19 საუკუნის უსტ-ცილმა კარგა მიყრუებული ადგილი იყო, ძირითადად გლეხებით დასახლებული, გულღია, უბრალო ხალხით. თავად ფალავანდოვს აქ დიდი სახელი აქვს. მასთან მიდიან დავის გადასაწყვეტად, რჩევისთვის, შემწეობისთვის, უბრალოდ გულის მოსაოხებლადაც კი. ადგილობრივები სტაროვერები არიან და წყლით ნათლობას არ ცნობენ, მაგრამ თავადს მაინც სთხოვენ, მათი ბავშვის ნათლია გახდეს, როგორც გინდა ისე მონათლე, ოღონდ მონათლეო. ადგილობრივმა მღვდელმა მაქსიმოვს ისიც კი უთხრა, არ გამიკვირდება, ეს კაცი სიცოცხლეშივე წმინდანად რომ გამოაცხადონო.

„ამ უბოროტო, სათნო ადამიანმა გადასახლების წლები ამოშანთა მეხსიერებიდან და თუ ვინმე თავისი გაუფრთხილებლობით ამ საკითხს შეეხება, ადგილიდან წამოვარდება, ნერვიულად ბოლთის ცემას დაიწყებს და შემდეგ ისეთ გაუსაძლის, დამთრგუნველ მელანქოლიას მიეცემა, იფიქრებ, ამ ადამიანს სიცოცხლის ნიშანწყალი აქვს დაკარგულიო“, - წერს მაქსიმოვი.

მასთან საუბრისას ფალავანდიშვილი ხშირად ახსენებს საქართველოს, თუმცა არა შეთქმულებას: „მინდვრებში სეირნობა-ხეტიალისგან დაღლილი მოვძებნი ხოლმე მშრალ ადგილს და ბალახზე წამოვწვები... ერთხელ სხვა ყვავილსაც წავაწყდი, რომლის დანახვამაც ჩემი სამშობლო მომაგონა... მეორე დღეს მათ სანახავად ისევ წავედი, დავწექი მიწაზე და იქაურობა საგულდაგულოდ ვათვალიერე, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ისე გამქრალიყვნენ, თითქოს არც არასდროს ყოფილან. ჩანს, ბუნებას მათთვის ერთი დღის, ან სულაც რამდენიმე საათის სიცოცხლე აქვს მინიჭებული. და თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი, რომ ის სანუკვარი წამი დავიჭირე. პეჩორასაც და საქართველოსაც ერთი მზე ათბობს“.

რამდენად გულწრფელი იყო „პეჩორელი“ იესე ფალავანდიშვილი? მართლაც შეიცვალა თუ უბრალოდ მორიგი ნიღაბი მოირგო? თამაზ ჯოლოგუა ამბობს, რომ ფალავანდიშვილი არ იყო მარტივი ადამიანი და კატეგორიულად რამის თქმა ძნელია, მაგრამ: „მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან მართლაც მოინანია“.

„როგორც ჩანს, აქ უნდა ვიყო სულის ამოსვლამდე და ამ მიწაშივე ჩავყარო ძვლები“, - ეუბნება პეჩორელი თავადი სერგეი მაქსიმოვს დამშვიდობებისას.

ის საქართველოში მართლაც აღარ დაბრუნებულა. დაკრძალულია უსტ-ცილმაში, როგორც მაქსიმოვი წერს, მდინარის მიერ ჩამოშლილი და ჩარეცხილი ნასაყდრალის კლდოვან ნაწილზე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG