Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატში ინიცირებულია კანონპროექტი ტერორიზმის სპონსორად რუსეთის გამოცხადების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, რუსეთი გამოცხადებულია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. კანონპროექტის ავტორები არიან დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი ლინდსი გრემი.

სენატორ ბლუმენტალის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობის და უკრაინაში ჩადენილი სხვა სისასტიკის გამო. სენატორ გრემის შეფასებით, ტერორიზმის მხარდამჭერად რუსეთის გამოცხადება შესაძლებელს გახდის კიდევ უფრო მკაცრი სანქციების ამოქმედებას.

სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი და ლინდსი გრემი ივლისში, კიევში შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს. უკრაინის მთავრობა დიდი ხანია ითხოვს რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. ამას ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულია უპრეცედენტო სანქციები და ახალ სტატუსს შეუძლია შეაჩეროს მოსკოვთან თანამშრომლობა, მაგალითად, ისეთ სფეროში, როგორიცაა ბირთვული უსაფრთხოება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადებს, მოსკოვი ვაშინგტონთან ურთიერთობებს შეწყვეტს.

აშშ-ს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში ჰყავს კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG