Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: ხარკოვის ოლქიდან გაქცეული რუსი სამხედროების ნაწილი პანიკაში იყო


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედრო დაზიანებულ რუსულ ტანკთან ხარკოვის ოლქში

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ კონტროლის გამყარებას ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ჯარი გაიყვანა ძირითადად, მდინარე ოსკოლის დასავლეთით მდებარე რაიონიდან.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ქვედანაყოფების ნაწილმა ხარკოვის ოლქი კარგად ორგანიზებულად დატოვა, ნაწილი კი - აშკარად პანიკაში მყოფი გაიქცა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ხარკოვის ოლქიდან რუსი სამხედროების ნაწილის არაორგანიზებულ და უკონტროლო გასვლას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ დატოვეს ზოგიერთი ძვირადღირებული ტექნიკა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად დატოვეს. 14 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG