საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, რომლის მიმართაც მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა პრეტენზიები. შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოუწევს ან სამ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს თეთრი ქუდი ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო", - აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება). დაკავებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
რუსთავის მოსახლეობას სოკოს საწარმოსგან გამოწვეული სუნი წლებია აწუხებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში აქციები არაერთხელ გაიმართა.
საწარმოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე 7 სექტემბერს მივიდა.
"ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა შეხვედრა წარმოების წარმომადგენლებთან და ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ დაპირება, რომ წარმოების იმ ნაწილს, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს, ამ ტერიტორიიდან გადაიტანდნენ, მაგრამ როგორც რუსთაველებმა დავინახეთ, მათ ეს პირობა არ შეასრულეს", - თქვა მაშინ მერმა და დასძინა, რომ სოკოს წარმოების კომპოსტირების ნაწილი, რომელიც უსიამოვნო სუნის წარმოქმნას იწვევს, 20 სექტემბრიდან იმ ადგილზე აღარ იმუშავებს.