Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას სოხუმში გააპროტესტებენ


ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საწინააღმდეგო აქცია სოხუმში. 6 სექტემბერი, 2022 წელი
ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საწინააღმდეგო აქცია სოხუმში. 6 სექტემბერი, 2022 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს აქცია გაიმართება, ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ. საინიციატივო ჯგუფის, #Ҳараҳпицунда-ს თანახმად, მდუმარე მსვლელობას დემონსტრაციის ელემენტებიც ექნება.

მსვლელობა სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. აქციის ჩატარების ნებართვა ორგანიზატორებმა ქალაქის მერიიდან მიიღეს.

აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში ძალაუფლების ერთადერთი წყარო და სუვერენიტეტის მატარებელი მისი ხალხი - აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. პრინციპულად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენი ნების დემოკრატიული გზით გამოხატვას, რათა ჩვენმა კანონიერმა წარმომადგენლებმა - სახალხო კრების დეპუტატებმა - მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის აფხაზი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს მხარდაჭერას!“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში მათი საქციელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა დავით ფილიამ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში კი წერდნენ, რომ ახალგაზრდებს ოპოზიცია მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა.

დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.

შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე "კაგებეს" მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.

აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი „საკანონმდებლო ორგანოდან“ უნდა გაიწვიონ.

XS
SM
MD
LG