Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ადვოკატირების კოალიცია „მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ხედავს


„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს. ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებას.

დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მითითებული ევროდირექტივაში. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიამ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის აქტის სასამართლოში გასაჩივრება უნდა იწვევდეს ამ აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, და ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს სასამართლომ რამდენად აუცილებელია შეჩერებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დასკვნიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიამ სახელმწიფოში მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობა და კონტექსტი გაითვალისწინა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. მისი განცხადებით, ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას.

როგორც კოალიცია აცხადებს, კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს. მას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებზე კი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიცვას ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი გახადოს ინკლუზიური.

XS
SM
MD
LG