პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ღიაობას მხარი დაუჭირა. რეგლამენტში ცვლილების შეტანის ინიციატივა საპარლამენტო ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრს, ლევან იოსელიანს ეკუთვნოდა.
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში და დგინდება, რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, გამოაკლდება სახალხო დამცველი.
ლევან იოსელიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობა სახალხო დამცველის არჩევის გამჭვირვალე პროცედურის უზრუნველყოფაა, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილული და მიღებულ იქნას დაჩქარებული წესით და სახალხო დამცველის არჩევის დროისათვის შექმნილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
"აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით, ხელს შეუწყობს, რომ, როგორც სახალხო დამცველის შერჩევის, ასევე უშუალოდ არჩევის პროცედურაც წარიმართოს ინკლუზიურად“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კომიტეტმა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ომბუდსმენის წარდგენისა და არჩევის ახალ წესზე რეგლამენტში ცვლილება შეიტანა.
"ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს ომბუდსმენის საკუთარ კანდიდატურას, გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ამ პროცესს ოპოზიცია გაემიჯნება. მათი თქმით, კანდიდატების წარდგენა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შეეძლებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება სახალხო დამცველის კანდიდატების "შეფასების 9-კაციანი ჯგუფი". "ქართული ოცნება" ირწმუნებოდა, რომ პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება და რომ ამ ჯგუფის შემადგენლობას ოპოზიციასთან კონსულტაციებით განსაზღვრავს. ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED-ი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ვერცერთ სამუშაო ჯგუფში იქნებიან.
მმართველმა ძალამ კანონში ჩაწერა, რომ 9-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია მისი ზუსტი შემადგენლობა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს, თუმცა არ ექნება გადაწყვეტილების მიღების მანდატი.
კანონის ცვლილებას გამოეხმაურა მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი პროექტით ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.