საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სპორტის უნივერსიტეტისთვის თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი შენობა აშენდება. "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში საუბრის დროს მან იმედი გამოთქვა, რომ არარენტაბელური შენობის ნაცვლად, უნივერსიტეტს ახალი შენობა 2025 წლისთვის ექნება.
"მოცემული ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელში ჩაგვაბარებს იმავე ტერიტორიაზე ახალ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება სახელმწიფოს ქონება და ეს ფართობი იქნება ბევრად დიდი, ვიდრე დღეს არის და ვიდრე დღეს რეალურად სჭირდება. ჩვენ გვინდა ის სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და ახალი ფაკულტეტების გახსნის საშუალებას მისცემს სასწავლებელს. იქნება ოთხი სპორტული დარბაზი და გვერდით მდებარე სამბოს დარბაზი ახლიდან აიგება ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში", - თქვა მინისტრმა.
სპორტის უნივერსიტეტს მრავალწლიანი ისტორია აქვს, წლების განმავლობაში (2007 წლიდან) ის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი, 2013 წლიდან კი ფუნქციონირებას ისევ დამოუკიდებლად აგრძელებს.