Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ვანიშვილი ოროზმანში ნაპოვნ კბილზე: გაუგებრობა მოხდა


პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი
პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან მას შემდეგ, რაც ოროზმანის არქეოლოგიური მასალით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. მან გაუგებრობა უწოდა იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მის სახლში არტეფაქტის, 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილის დროებით შენახვა კანონდარღვევად მიიჩნია და ახსნა, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება კბილის სახლში წაღების შესახებ.

"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩემს 22-წლიან პროფესიულ კარიერაში.

სამწუხაროდ, მოხდა გაუგებრობა. გაუგებრობა მდგომარეობს იმაში, რომ როცა დასრულდა ექსპედიცია, 19 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება არქეოლოგიური ბაზიდან თბილისში, პალეობიოლიგიის ინსტიტუტში და ამ მასალას სჭირდებოდა ფრთხილად ჩატვირთვა ავტომობილში, მერე ფრთხილად ტრანსპორტირება თბილისამდე და შემდეგ მოვახდინეთ ამ მასალების გადატანა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, ამან წაიღო ძალიან დიდი დრო და უკვე სამუშაო საათების დასრულებისას დავასრულეთ. ამასობაში ვერ მოხერხდა სათანადოდ უზრუნველყოფა უსაფრთხო სეიფის, ვინაიდან სეიფი იყო ძალიან მძიმე და ექსპედიციის სხვა წევრი აღარ იყო ჩემთან ერთად, მარტო ვიყავი და მისი დაცულ ოთახში გადატანა ვერ მოვახერხე სიმძიმიდან გამომდინარე და ვერ შევძელი დაცულ მდგომარეობაში დამეტოვებინა ეს კბილი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. ამას დაერთო ის, რომ სახლიდან შემატყობინეს, რომ ჩემი 3 წლის შვილს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მთელი დღის განმავლობაში ვერ იღებდა საკვებს და წყალს და აღმოვჩნდი ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მომიწია გადაწყვეტილების მიღება, კბილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დამეტოვებინა ეს კბილი ჩემს საველე ზურგჩანთაში, უსაფრთხოდ, სპეციალურად განკუთვნილ ჯიბეში და ერთი ღამით წამეღო უსაფრთხოდ, ჩემთან ერთად ყოფილიყო სახლში და შემდეგ უკვე დამებრუნებინა ინსტიტუტში სხვა მასალებთან", - უთხრა ნიკა ვანიშვილმა მედიას სოფელ ოროზმანში. მან და მისმა კოლეგებმა ეროვნული მუზეუმიდან, არქეოლოგიური ძეგლის დასათვალიერებლად დღეს იქ ჩაიყვანეს უცხოელი კოლეგები, რომლებიც თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში („დმანისი-ოლდუვაი: ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის“) მონაწილეობის მისაღებად არიან ჩამოსული.

ნიკა ვანიშვილის თქმით, არქეოლოგიური ექსპედიციის დასრულების მეორე დღესვე, 20 სექტემბერს, მასთან შეხვედრა მოითხოვა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა, რომელიც ოროზმანში ნაპოვნი ნივთებით იყო დაინტერესებული.

"მეორე დღეს დამიკავშირდნენ, მივსულიყავი მუზეუმში, რომ შევხვედროდი ბატონ ნიკა ახალბედაშვილს. შევხვდი, ვისაუბრეთ, ვუთხარი რომ ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალები იმყოფებოდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, მაგრამ კბილი იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა მიღებული, მოხდა მისი გადატანა ჩემს სახლში და ვაპირებდი დაბრუნებას, რომ დაწყებულიყო შემდეგი პროცედურები ამ მასალის აღრიცხვის 20 სექტემბერს", - ამბობს ნიკა ვანიშვილი.

21 სექტემბერს ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნიკა ახალბედაშვილი ნიკა ვანიშვილის სახლიდან კბილის ამოღების შესახებ ჰყვება. ამავე ვიდეოში ნიკა ახალბედაშვილმა თქვა, რომ მზადდება დოკუმენტაცია პროკურატურაში გასაგზავნად.

"ამდენი მეცნიერია ჩამოსული, ამ დროს აწყობ სპექტაკლს. მე ამ სპექტაკლმა გამახსენა იმიტირებული ქრონიკა", - უთხრა დღეს ჟურნალისტებს ოროზმანის ექსპედიის სამეცნიერო ხელმძღვანელმა გიორგი ბიძინაშვილმა. ის ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს სხვა ათობით კოლეგასთან ერთად, მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში.

"ნიკა ვანიშვილი არის ძალიან ღირსეული მეცნიერი და დარწმუნებული ვარ, ამ კბილს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. მისთვის ძალიან ძვირფასია ეს მასალა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო სიტუაციის მიხედვით", - ასე დაახასიათა დღეს ნიკა ვანიშვილი ქვემო ოროზმანში ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ქვემო ოროზმანში არქეოლოგიური ძეგლი ნიკა ვანიშვილმა და გიორგი ბიძინაშვილმა 2019 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ იქ ჩატარებული ექსპედიციებისას ნაპოვნია ქვის იარაღები და ცხოველთა ნაშთები. ადამიანის კბილი მეცნიერებმა 2022 წლის აგვისტოში იპოვეს და საზოგადოებას 8 სექტემბერს წარუდგინეს. აღმოჩენა მალევე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. კულტურის სამინისტრო ექსპედიციის დასრულებამდე ამ აღმოჩენას არ გამოხმაურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG