Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს - პუტინს არ უნდა შერჩეს საერთაშორისო წესრიგის ნგრევა


ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოზე
ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლის ბრძანებით განხორციელებული რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და ქვეყნის დიდი ნაწილის ანექსირების მცდელობა, ანგრევს არსებულ საერთაშორისო წესრიგს.

ბლინკენმა შეახსენა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მომხდარი უდიდესი კონფლიქტის ფონზე, პუტინი ხელს უწყობს კრემლის მიერ კონტროლირებად ოთხ ტერიტორიაზე 23 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების ჩატარებას.

"ჩვენ თვალწინ ინგრევა ის საერთაშორისო წესრიგი, რომლის დასაცავადაც ჩვენ აქ ვიმყოფებით. ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს შერჩეს პრეზიდენტ პუტინს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ასევე ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის დაცვას, რომლის თანახმადაც, ვერცერთმა ქვეყანამ უნდა შეძლოს ძალით სხვა ქვეყნის საზღვრის შეცვლა.

"თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პრინციპის დაცვას იმ დროს, როდესაც კრემლი უხეშად თელავს მას ფეხქვეშ, ამით ჩვენ სიგნალს გავუგზავნით ყველა სხვა აგრესორს, რომ მათაც შეუძლიათ ამ პრინციპის უგულებელყოფა. ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ თითოეულ სახელმწიფოს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და გააჩაღა სასტიკი ომი, რომელსაც დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

21 სექტემბერს პუტინმა გასცა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ბრძანება და თქვა, რომ მუქარა იმის შესახებ, რომ ის ყველა საშუალებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიის დასაცავად, "არ არის ბლეფი". მისი სიტყვები აღქმული იქნა მინიშნებად რუსეთის ბირთვულ არსენალზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG