Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსის სახლი - როგორ ყიდულობენ რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას საქართველოში?


რუსეთის მოქალაქეები ნატალია სემენა და ალექსეი პეტროკოვი, მშობლებთან და ქალიშვილთან ერთად, მეოთხე თვეა დასავლეთ საქართველოში, სოფელ შრომაში ცხოვრობენ.

სახლი გასული წლის ბოლოს იყიდეს. საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას 2022 წლის ზაფხულში ფიქრობდნენ, თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ევაკუაციის გეგმა“ აამოქმედეს და აპრილის დასაწყისში ჯერ მშობლები და ქალიშვილი გამოამგზავრეს, მაისის ბოლოს კი თავადაც წამოვიდნენ.

50 წლის ნატალია, „ინსტაგრამში“, პერსონალურ ბლოგს აწარმოებს და გამომწერებს თითქმის ყოველდღე უყვება საქართველოში გადმოსვლის, სახლის შეძენის, რემონტისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობის შესახებ - მაგალითად, როგორ ბერტყავენ კაკალს, რომ ძროხისა და ღორის მოვლის თავი არ აქვს, სამაგიეროდ, ფრინველი მოაშენა... იძლევა რეკომენდაციებსაც, როგორ და სად შეიძლება სახლის შეძენა ან ქირაობა ხელსაყრელ ფასად.

ნატალია და ალექსეი ურალში, ქალაქ ეკატერინბურგში ცხოვრობდნენ. საქართველოში პირველად 2021 წლის ივნისში ჩამოვიდნენ. ბათუმში გატარებული ოთხი დღის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ ისინი საქართველოში უნდა დასახლებულიყვნენ. როგორც ნატალია ყვება, გადმოსახლების უპირველესი მიზანი ზღვასთან ახლოს, სითბოში ცხოვრება იყო, რასაც მოგვიანებით უკვე უკრაინაში ომიც დაემატა:

ნატალია სემენა
ნატალია სემენა

„2021 წლის შემოდგომაზე შევარჩიეთ სახლი და დეკემბერში გადავიფორმეთ. 2022 წლის იანვარში სახლის მოსაწესრიგებლად დავბრუნდით საქართველოში, რემონტი უნდა გაგვეკეთებინა და უკვე ზაფხულში მთელი ოჯახით გადმოვსულიყავით. საქართველოში ვიყავით, უკრაინაში ომი რომ დაიწყო. ორი დღე აზრზე მოსვლას ვერ ვახერხებდით. ვერც კი ვიჯერებდით, რომ ეს რეალურად ხდებოდა. ეს ჩვენთვის შოკი იყო. ამ ომის შემდეგ, უკვე აღარანაირი კითხვის ნიშანი აღარ დაგვრჩა, რუსეთი აუცილებლად უნდა დაგვეტოვებინა. ომის დაწყებიდან მესამე დღეს სასწრაფოდ დავბრუნდით ეკატერინბურგში და ევაკუაციის პროცესი დავიწყეთ. ჯერ მშობლები და შვილი გამოვგზავნეთ საქართველოში თვითმფრინავით. შემდეგ გავყიდეთ სახლი და საქართველოში ჩვენი ბარგი-ბარხანით, მანქანით წამოვედით“.

ალექსეი ამბობს, რომ საქართველოში არც სახლის ყიდვა გასჭირვებიათ და მეზობლებიც სტუმართმოყვარე შეხვდა:

ალექსეი პეტროკოვი
ალექსეი პეტროკოვი

„კი, არსებობს პატარა წყენაც რუსეთის მიმართ, მაგრამ იცით რა, რუსეთის მოქალაქეები აქ სახლებში 50%-ით მეტს იხდიან. იმ ფასს, რა ფასადაც ეს სახლი ვიყიდეთ, ქართველები ამ სახლში არ გადაიხდიდნენ. გარდა ამისა, გაგვიმართლა და ძალიან კარგი მეზობლები გვყავს. არანაირი კამათი და წყენა არ ყოფილა. პირიქით, ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს. ვსვამთ ღვინოს, ერთმანეთს ვაცნობთ ჩვენს სამზარეულოებს. როდესაც ჩვენი ოჯახი, მშობლები და შვილი გამოვგზავნეთ საქართველოში, აქ ჯერ კიდევ ციოდა. სახლში გათბობა არ იყო. მაგრამ ძალიან დაგვეხმარნენ მეზობლები. მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქ ჩამოსულებს უკან წასვლა აღარ მოუნდეთ“.

ნატალია და ალექსეი ახლა ყურადღებით აკვირდებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან შექმნილ სიტუაციას, სადაც 21 სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, რუსეთის დატოვების მსურველთა მრავალათასიანი და მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა:

„ჩვენ უკვე იმაზე ვნერვიულობთ, რომ ის რუსეთი, რომლიდანაც წამოვედით, ახლა უკან გამოგვეკიდა ამ მობილიზაციის გამო. ადამიანებს, რომლებიც რუსეთში არსებული რეჟიმის წინააღმდეგნი იყვნენ, თავიდანვე უნდა გამოეთქვათ პროტესტი. მათ კი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს რუსეთის დატოვება, რაც მობილიზაცია გამოცხადდა. ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი. ჩვენს მეგობრებს უკვე მოუვიდათ ომში გაწვევის შეტყობინება“.

ნატალია და ალექსეი საქართველოდან წასვლას აღარ გეგმავენ, ამიტომ აქვე უნდა ეძებონ შემოსავლის წყაროც:

„ნატალია უძრავი ქონების სფეროში იყო დასაქმებული. მე მეწარმე ვიყავი. ყველაფერი მივატოვეთ. დისტანციურად იმ საქმეს ვერ ვმართავდით. ხელები მაქვს. ელექტროობაში ვერკვევი კარგად. გარდა ამისა, ბუხრებს ვამზადებ. მართალია, აქ, საქართველოში, თითქოს ნაკლებად პოპულარულია ბუხრები, მაგრამ გავაკეთებთ ჩვენთან სახლში, ვაჩვენებთ მეზობლებს და ვნახოთ. საქართველოს ეკონომიკას განვითარება სჭირდება. მგონია, რომ აქ ჩამოსული რუსების ნაწილი ამაშიც დაეხმარება ქვეყანას“, - ამბობს ალექსეი.

ნატალია სემენასა და ალექსეი პეტროკოვის სახლი შრომაში
ნატალია სემენასა და ალექსეი პეტროკოვის სახლი შრომაში

რუსეთისა და ბელარუსის რამდენმა მოქალაქემ შეიძინა უძრავი ქონება 2022 წლის პირველ შვიდ თვეში?

საჯარო რეესტრის 2022 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონება რუსეთის 3626-მა მოქალაქემ, ხოლო ბელარუსის 264-მა მოქალაქემ შეიძინა. ამ მონაცემებში არ არის მითითებული, არიან თუ არა მათ შორის მოქალაქეები წარმოშობით საქართველოდან. თუმცა, მითითებულია ის რეგიონები და ქალაქები, სადაც ისინი უძრავ ქონებას ყიდულობენ. ყველაზე მეტად თბილისსა და ბათუმში, მაგრამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულები უძრავ ქონებას არეგისტრირებენ მაგალითად, ახალქალაქში, ბოლნისში, ბორჯომში, დუშეთში, ზუგდიდში, თელავში, ადიგენში, თერჯოლაში, ხონში, ხობში. ანუ, ფაქტობრივად, მთელ საქართველოში.

2022 წლის მაისის მონაცემებით, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბიზნესპრესნიუსს“ მიაწოდა, საქართველოში ჯამში რეგისტრირებული იყო 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უძრავი ქონება. მათ შორის 10 411 პირი რეგისტრირებული იყო ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) მესაკუთრედ.

სად და როგორ ეძებენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები უძრავ ქონებას?

ნინუცა სიყმაშვილი რვა წელია უძრავი ქონების აგენტია. ყოველდღიურად ადევნებს თვალს იმ ტელეგრამ-არხებს, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები საქართველოში, მეტწილად თბილისში, ბინების დაქირავებას ან სულაც შეძენას ცდილობენ. ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები და უძრავი ქონების აგენტები ძირითადად ტელეგრამ-არხებს იყენებენ.

აი, მაგალითად, ერთ-ერთი რიგითი ტელეგრამ-არხი სხვა ათეულობით არხს შორის, არის Квартиры Тбилиси. ანუ, ბინები თბილისში. არხის აღწერაში მითითებულია, რომ ეს სივრცე შექმნილია ხანგრძლივი ვადით საცხოვრებლის მარტივად და უსაფრთხოდ ძებნის მიზნით.

გასაქირავებელი ბინების ფასები შთამბეჭდავია. ლიდერობს საბურთალო და ვაკე, სადაც ფასები 800 დოლარიდან იწყება. ვაკეში 1600 დოლარიან ბინასაც იპოვის მსურველი. უძრავი ქონების აგენტები ცალკე პუნქტად გამოყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დამქირავებელს შინაური ცხოველის ყოლაც შეუძლია. თითოეულ განცხადებას სულ ცოტა 400-მდე გამოხმაურება აქვს. ზოგიერთი განცხადების გამოხმაურება 1000-საც სცილდება.

ნინუცა სიყმაშვილი გვეუბნება, რომ სწორედ ეს ტელეგრამ-არხები წარმოაჩენს სურათს, თუ რა რაოდენობის რუსეთის მოქალაქეს სურს, მაგალითად, თბილისში ბინის დაქირავება. ნინუცა რუსეთის მოქალაქეებს არ ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მათი მომსახურების სანაცვლოდ გაცილებით მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა:

„მოთხოვნა ძალიან დიდია. უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია ბინის შეძენის მსურველთა რიცხვიც...არის სერვისები, რომლებიც არა თუ ბინის დაქირავებასა და შეძენაში ეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებს, არამედ სხვადასხვა მომსახურებასაც კი სთავაზობენ. პატარ-პატარა სამშენებლო ჯგუფები, დამლაგებლების სერვისები, რომლებიც კონკრეტულად მათ ემსახურებიან. ამ ყველაფერს მიეცა ძალიან ცუდი სახე და ამაზე ადამიანები არ ლაპარაკობენ. აგენტების ნაწილი ბოლომდე მოერგო რუსეთის ბაზარს. ისინი პირადი მანქანებით ემსახურებიან რუსეთის მოქალაქეებს, დაატარებენ ქალაქში, სრულ სერვისს სთავაზობენ. წარმოდგენას უქმნიან სად უნდა იყიდონ ბინა. რომ აი, მაგალითად, რატომ არის ვაკე უფრო ძვირადღირებული. რაკი რუსი ფულს იხდის, ყველაფერზე ხუჭავენ თვალს. იყიდის რუსეთის მოქალაქე კარკასს, რომელსაც ქართველები ურემონტებენ, შემდეგ გაქირავებაში ეხმარებიან და ასე ჯაჭვია აწყობილი“.

ნინუცა სიყმაშვილი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ოჯახმა საქართველოში უკვე 12 ბინა შეიძინა და უძრავი ქონების, ბინების გაქირავების ბიზნესიც წამოიწყო.

უძრავი ქონება ერთ დღეში

როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ისე რუსეთისა თუ ბელარუსის მოქალაქეებს, აქვთ სრული უფლება საქართველოში შეიძინონ ბინა. არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავს უფლებას შეუზღუდავს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს. შეზღუდული მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაყიდვა-შეძენაა. ეს საკითხი საქართველოს კონსტიტუციითაა დარეგულირებული. კონსტიტუციის მეცხრამეტე მუხლში, რომელიც საკუთრების უფლებას განმარტავს, აღნიშნულია, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში და გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით“.

მარიამ გაბროშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, რუსეთისა თუ ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში ბინის შეძენა უმოკლეს პერიოდში, ერთ დღეშიც კი შეუძლიათ:

„ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. სხვადასხვა ოფიციალური საფასურის გადახდის შემთხვევაში, ვადები განსხვავებულია. შესაძლოა უძრავი ქონება ერთ დღეშიც დარეგისტრირდეს და ეს არანაირ სირთულეს არ უკავშირდება“.

ასე მაგალითად, როგორც იუსტიციის სახლის საიტზე, „ქონების რეგისტრაციის“ ველში ვკითხულობთ, უძრავი ნივთის დარეგისტრირება 4 სამუშაო დღეში მოქალაქეებს 75 ლარი დაუჯდებათ. იმავე დღეს - 300 ლარი.

ინტერნეტში ბევრია ისეთი ბლოგებიც, რომლებიც რუსულენოვან მოქალაქეებს ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად უხსნიან, „როგორ იყიდონ ბინა საქართველოში ერთ დღეში“.

ბლოგებში დეტალურადაა აღწერილი იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპი. სადაც განსაკუთრებით გამოყოფენ იმას, რომ „ერთი ფანჯრისა და ელექტრონული სისტემის წყალობით, კლიენტებს არ უწევთ ინსტანციიდან ინსტანციაში, საქაღალდეებით ბორიალი და საკმარისია მხოლოდ პასპორტი“.

რუსი ბლოგერი და უძრავი ქონების აგენტი, ალექსეი ორიშენკო მკითხველებს უყვება, რომ საქართველოში ბინის რეგისტრაცია „20 წუთშია შესაძლებელი“ : „ბინის გაფორმება კვიპროსზე ერთ თვეს წაგართმევთ, საბერძნეთში - ორ თვეს, ესპანეთში - დაახლოებით ოთხ თვეს“.

ორიშენკო ბლოგში იმასაც წერს, რომ უკვე 600-ზე მეტ უცხოელ კლიენტს დაეხმარა საქართველოში ბინის შეძენაში: „გირჩევთ, გიკარნახებთ, გადაგითარგმნით დოკუმენტებს - უფასოდ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 30 ივნისამდე, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან, ქვეყანა დატოვებული არ ჰქონდა რუსეთის 42577 მოქალაქეს.

მათი კვლევით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49 505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიგნებით, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა ჯამურად 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე. ორგანიზაციის განმარტებით, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა 16 476-ით მეტი რუსეთის და 11 531-ით მეტი ბელარუსის მოქალაქე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებით, განსაზღვრულია იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წლის ვადით ყოფნა შეუძლიათ.

მათ შორის, არიან რუსეთის მოქალაქეებიც. შესაბამისად, ისინი ერთ თვეზე მეტი ვადით გაჩერებით არანაირ სამართლებრივ ნორმას არ არღვევენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა. მათი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ, 2019 წლის მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით კი, ტურისტულ პერიოდში, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 213 100-მა ადამიანმა გადმოკვეთა - საშუალოდ, კვირაში 53,3 ათასმა ადამიანმა. 2019 წელს, ანუ კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 169 915-მა გადმოკვეთა - საშუალოდ კვირაში 42,3 ათასმა ადამიანმა

ბოლო დღეებში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მზარდ მაჩვენებელთან დაკავშირებულ კითხვებს 27 სექტემბერს უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა:

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

"თითქმის პიკზეა მისული და რიგები დგას ჩვენ მხარესაც. ჩვენ არ გვაქვს 10 და 20-გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

27 სექტემბერს, აქცია გაიმართა იუსტიციის სახლთან. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: დაიკეტოს რუსეთთან საზღვარი, რუსეთის მოქალაქეებს შეუჩერდეთ ბინადრობის უფლება და შეეზღუდოთ ბიზნესის რეგისტრაცია.

2022 წლის ივლისის მიწურულის მონაცემებით, საქართველოში ბინადრობის უფლება მინიჭებული აქვს რუსეთის 16 480 და ბელარუსის 741 მოქალაქეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG