Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 20 ათასი მობილიზებული რუსი მოქალაქის მისაღებად ემზადებიან - უკრაინის დაზვერვა


რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სარდლობა ერთობლივ წვრთნებზე. 2021 წლის სექტემბერი
რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სარდლობა ერთობლივ წვრთნებზე. 2021 წლის სექტემბერი

ბელარუსში ამზადებენ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციიდან მობილიზებული 20 ათასი რეზერვისტის განთავსება იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.
ცნობაში მითითებულია, რომ რუსეთში მობილიზებულებით უნდა შეივსოს ბელარუსში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაყოფები. ამ ნაბიჯის შედეგად "გამოცდილი" სამხედროების თანაფარდობა "ახალბედებთან" იქნება 1-5-ზე.

"საშტატო რაოდენობის გაზრდის შემდეგ ქვედანაყოფები გამოიყენებენ ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ საწყობებში თავმოყრილ სამხედრო ტექნიკას. იგეგმება ასევ ქვედანაყოფების გაძლიერება რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსროლილი სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით. საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის რუსეთიდან ჩამოყვანისათვის საჭირო საავტომობილო ტექნიკა შეივსება სამოქალაქო სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მობილიზების ხარჯზე", - იუწყება უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

მინსკს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც მოსკოვის მტკიცე მოკავშირეა, ცოტა ხნის წინ კვლავ გაიმეორა, რომ არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, თუმცა არც იმას დაუშვებს, რომ უკრაინაში მყოფ რუსეთის ჯარებს მისი ქვეყნიდან ზურგში დარტყმა მიაყენონ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრისას ლუკაშენკა მთლიანობაში ეთანხმებოდა მოსკოვის გადაწყვეტილებას, დაეწყო შეჭრა, რაც, ბელარუსის ლიდერის თქმით, „კიევის მიერ იყო პროვოცირებული“.

რუსეთი და ბელარუსი ყოველწლიურად მართავენ მასშტაბურ სამხედრო მანევრებს, რომელთა სცენარი დასავლეთიდან მომდინარე ჰიპოთეზური სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოქმედებას ითვალისწინებს.

29 სექტემბრიდან ბელარუსში დაიწყო მინსკის მახლობლად დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი ერთ თვეს გასტანს და დამუშავდება რამდენიმე საკითხი, "რომელთა შორის მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამხედროების უნარ-ჩვევების აღდგენა, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის შენახვიდან ამოღება მისი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით".

XS
SM
MD
LG