Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორბლისა და ფქვილის ასოციაცია: ტომარა ფქვილი დაახლოებით 10 ლარით გაიაფდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

"ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია" აცხადებს, რომ ხორბალსა და ფქვილზე ფასის კლების მსოფლიო ტენდენტია უკვე ასახულია საქართველოში. ასოციაციის დირექტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, საშუალოდ, 1 ტომარა ფქვილის ფასი 10 ლარით არის შემცირებული.

"ფქვილი გაიაფდა დაახლოებით 10 ლარის ფარგლებში მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე - რუსეთს უხვი მოსავალი აქვს, უკრაინული დერეფანიც მუშაობს. ეს ორი ფაქტორი იყო წინაპირობა. თუ სამი თვის წინ 1 ტონა ხორბალი 400 დოლარზე მეტი ღირდა, ახლა ფასი 320 დოლარამდეა. თუ პირველი ხარისხის ფქვილი, 1 ტომრის ფასი 83-85 ლარი იყო, დღეს 72 ლარის ფარგლებშია... სავარაუდოდ, ამ კონკრეტულ მონაკვეთში ფასი აღარ შემცირდება", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორმა ლევან სილაგავამ.

"პურის მცხობელთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ თითოეული სახეობის პურზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს და ეს უკვე აისახა ზოგიერთ მაღაზიაში.

"ქსელურ მაღაზიებში ფასი უკვე შეცვლილია, პატარ-პატარა მაღაზიებში ზოგან - არა. ვერ დააძალებ. პურს აქვს გასაცემი და გასაყიდი ფასი - გასაცემი ფასი შევამცირეთ 10 თეთრით, გასაყიდ ფასს მაღაზია ადგენს", - ამბობს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე და დასძენს, რომ პურის ფასის 30 პროცენტი გამოსაცხობად საჭირო ენერგომატარებლების ღირებულებაა.

პური საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტია. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მისი ფასი გაიზარდა, მათ შორის საქართველოში. 2022 წლის აპრილში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თქვა, რომ "ვერ ვიქნებით გამონაკლისი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG