Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლოდინი ლუკაშენკას უკანონო ვიზიტის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 სექტემბერს


„ორი არაღიარებული პრეზიდენტი ერთ ოთახში“ - რატომ ჩავიდა ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში?

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტმა ლოგიკური კითხვა გააჩინა, აპირებს თუ არა ის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

მას ბიჭვინთაში ჩასვლისას ეს არ უთქვამს, თუმცა გუშინწინდელი ვიზიტი ბევრისთვის იყო სიგნალი იმისა, რომ ამას დამოუკიდებლობის აღიარებაც მოჰყვება. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ასევე უხსნის, რომ პუტინი ამჟამად "ორ განზომილებაში მუშაობს: სადაც გასდის, იქ უბრალოდ იერთებს ტერიტორიებს (როგორიც არის ყირიმი და რასაც ემსახურება ბოლო პერიოდის ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიაზე); ხოლო მეორე განზომილებაა - სამოკავშირეო სახელმწიფოს შეკოწიწება"; და რადგან "აფხაზეთი არ არის თანახმა რუსეთთან შეერთებაზე, მას იქ .. დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით უპირებენ შეყვანას".

რა შეიძლება მოჰყვეს ავტორიტარი ლიდერის უკანონო ვიზიტს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დუმის სპიკერმა მხარი დაუჭირა ჯარში გასაწვევი პირებისთვის საზღვრის ჩაკეტვას

BBC-ის რუსული რედაქცია რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ტელეგრამარხზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიაჩესლავ ვოლოდინმა მხარი დაუჭირა ჯარში გასაწვევი პირებისთვის საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას.

მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე, მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, კომისარიატის თანხმობის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფმა ყველა პირმა", - დაწერა ვოლოდინმა.

მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გავრცელდა ცნობები ჯარში გასაწვევი კაცებისთვის საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ. რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე, რომლებსაც ომში წასვლა არ სურს, მასობრივად ტოვებს ქვეყანას. კილომეტრიანი რიგებია, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან.

წაიკითხე მეტი.

როგორ კეთდება ფული მობილიზაციას გამოქცეულ რუსებზე

9 დღე გავიდა, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა და ქვეყნის სახმელეთო საზღვრებს გაქცევის მსურველი რუსეთის მოქალაქეები მიადგნენ. ამდენივე დღეა რიგები დგას რუსეთის მხრიდან ლარსისკენ მიმავალ გზაზე. ზოგი ფეხით, ზოგიც ველოსიპედით და მანქანით ცდილობს გამოღწევას. ქაოსში კი საზღვრის ორივე მხარეს ფულის შოვნის ახალ ხერხებს აუღეს ალღო.

ვინც საცობი გამოიარა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ლარსის გადაღმა ჩრდილოეთ ოსეთში კორუფცია ყვავის. პოლიციასთან შეკრული გადამყვანები საცობის გვერდის ავლით საპასპორტო კონტროლამდე მიყვანაში 50 ათას რუბლამდე (დაახლოებით 2500 ლარი) ართმევდნენ. მუშაობდა “VIP მომსახურებაც” - პოლიციის მანქანის ესკორტი 200 ათას რუბლად (9600 ლარად). ეს ჩაწყობები რიგს კიდევ უფრო ახანგრძლივებდა.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის რეპორტაჟში ლარსიდან.

რუსეთი აცხადებს, რომ 30 სექტემბერს მოახდენს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირებას

კრემლმა გამოაცხადა, რომ 30 სექტემბერს ოფიციალურად მოახდენს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირებას - იმ ფონზე, როცა დასავლეთი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყალბად გამოცხადებული რეფერენდუმების შემდეგ.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, და რომ "რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების შესახებ შეთანხმებების" ცერემონია გაიმართება მოსკოვის დროით დღის 3 საათზე. პუტინი დოკუმენტებს ხელს მოაწერს კრემლის დარბაზში და სიტყვითაც გამოვა, - ამბობს პესკოვი. ცერემონიის შემდეგ გაიმართება პოპმუსიკის კონცერტი წითელ მოედანზე, სადაც აღმართეს უზარმაზარი ეკრანები და სადაც ბილბორდებზე წერია "დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი - რუსეთია!".

წაიკითხე მეტი.

ზელენსკიმ პარასკევს უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. დღის წესრიგი უცნობია.

უკრაინული მედია შენიშნავს, რომ ზელენსკის მიერ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ემთხვევა მოსკოვის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ჩანაფიქრს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე თქვა, რომ თუ რუსეთი აღიარებს ფსევდორეფერენდუმის შედეგებს, „აღარაფერი იქნება სასაუბრო“ ვლადიმირ პუტინთან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ დაადასტურა, რომ ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამიდან, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ახლა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის საფრთხედ განიხილება, განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

მისივე ინფორმაციით, ოჯახების მოსანახულებლად, სამუშაოდ და სასწავლებლად შესვლა კვლავ ნებადართული იქნება.

წაიკითხე მეტი.

როგორ გადმოვკვეთე საზღვარი - შემოსული და საზღვარს მიღმა დარჩენილი ჩრდილოკავკასიელების ამბები

28 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან“ ერთ ადგილას მდგარი რიგი ამოძრავდა - რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, სწორედ გუშინ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი ეროვნებით ჩეჩენმა, გროზნოში მცხოვრებმა იბრაჰიმ უმარჰაჯიევმა და მისმა დისშვილმა, ბელგიის მოქალაქე თემურ ხადაშევმა. ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ ან იქ დაბადებულ არაერთ ადამიანს საზღვარზე უკან უარით ისტუმრებენ. თან ისე, რომ არაფერს უხსნიან. დღემდე, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რჩება და პასუხის მოლოდინშია ჩრდილო კავკასიის ათობით მოქალაქე.

ტელეგრამის ჯგუფებში, სადაც საქართველოში შემოსვლის მოსურნე უამრავი ადამიანია გაერთიანებული, ისევ არ წყდება მიმოწერა. ამ ჯგუფებში უამრავი ადამიანის ამბავი იყრის თავს - ვინ როგორ გამოუშვეს, ვინ როგორ გაბრუნდა უკან, ვის რა ჰკითხეს „222-ე კაბინეტში“, თუმცა ყველას აქვს ერთი უპასუხო კითხვა - რატომ ეუბნებიან უარს შემოსვლაზე გამორჩეულად ჩრდილოკავკასიელებს და შეიცვლება თუ არა ოდესმე ეს დამოკიდებულება?

წაიკითხე და ნახე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. კილომეტრიანი რიგებია საქართველოს საზღვართან. ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან შემოსული მოქალაქეების უმეტესობა ახალგაზრდაა. ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან შემოსულებს საქართველოში დაბინავებული რუსეთის მოქალაქეები საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ხვდებიან. საზღვრის დროულად გადმოკვეთის მიზნით, რუსეთიდან მომავალი კაცების ნაწილი ოჯახებს და ავტომობილებს „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ტოვებს და საზღვარზე ფეხით გადმოდის. ბოლო ერთ კვირაში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 60 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

XS
SM
MD
LG